პუტინი პარიზში ერდოღანს არ შეხვდება
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თურქეთის ლიდერს რეჯეფ თაიფ ერდოღანს პარიზში არ შეხვდება. ამის შესახებ „ბი–სი–სი“ იუწყება. ორი ქვეყნის ლიდერი საფრანგეთის დედაქალაქში კლიმატის საკითხზე საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა.
„ეს შეხვედრა არ იგეგმება. მასზე საუბარი არ არის და ის არ გაიმართება“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.
მისი თქმით, პუტინი ამ ეტაპზე თურქულ მხარესთან არანაირ კონტაქტს არ აპირებს. ამასთანავე, პესკოვმა აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინი შესაძლოა, ბარაკ ობამას შეხვდეს.
„ეს შეხვედრა, სავარაუდოდ, კონფერენციის კულუარებში გაიმართება“, – განაცხადა პესკოვმა.
რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობები 24 ნოემბრის შემდეგ გართულდა, როდესაც თურქეთმა რუსული ბომბდამშენი „სუ–24“ ჩამოაგდო, რომელმაც მისი საჰაერო სივრცე დაარღვია.