საკრებულოში მიწის ლეგალიზაციის კომისიის წევრებმა 96 განცხადება განიხილეს
დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სხდომა გაიმართა.
სხდომაზე დეპუტატების გარდა, უშუალოდ განმცხადებლები, თბილისის მერიის საჯარო რეესტრის, არქიტექტურისა და ქონების მართვის სააგენტოს, ასევე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 96 განცხადება განიხილეს. როგორც აღნიშნული კომისიის თავმჯდომარემ ბექა ნაცვლიშვილმა განაცხადა, მიწის ლეგალიზაციის კომისიის სხდომა ყოველ ორშაბათს იმართება და საშუალოდ ასამდე მოქალაქის განცხადება იხილება.
,,იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებლის მისამართით გაჩნდა დამატებითი კითხვები, სპეციალური ჯგუფი ადგილზე სწავლობს ვითარებას, რის შემდეგაც ხორციელდება გადაწყვეტილების მიღება. აუცილებლობის შემთხვევაში კი, მუშაობის პროცესში დარგის ექსპერტების ჩართვაც ხორციელდება“,- განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.