„ჟვანიას საქმე ყოფილმა ხელისუფლებამ დააკონსერვა“
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, ჟვანიას და უსუპოვის საქმის არაობიექტურად გამოძიება ყოფილი ხელისუფლების ბრალია,- ამის შესახებ სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე განუცხადა.
„ავთენტურობაზე ვერაფერს მოგახსენებთ. რაც შეეხება გამოძიებას, ყოფილმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა არაერთხელ თქვა, რომ გამოძიება მიმდინარეობს და შედეგი მალე გახდება ცნობილი. ამდენი წლის განმავლობაში ეს საქმე ყოფილმა ხელისუფლებამ დააკონსერვა და საერთოდ არ ეხებოდნენ, არც ლაპარაკობენ ამაზე. ესეც, ბუნებრივია, კითხვებს ბადებს. ძალიან ძნელია საქმე 10 წლის შემდეგ გამოიძიო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ გამოძიება მალე დასრულდება “,- განაცხადა სოზარ სუბარმა.
შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში გარდაცვლილი პრემიერის ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუპოვის ცხედრების კადრები გავრცელდა. კადრების ნაწილი ბინაში, ხოლო ნაწილი პროზექტურაშია გადაღებული. გავრცელებული ფოტოების მიხედვით, ცხედრებს სხვადასხვა სახის დაზიანება აღინიშნებათ. ვიდეო იუთუბიზე ჰაკიმ ფაშას სახელით არის ატვირთული.