ირაკლი შოთაძე იმ მასალების გასაჯაროებს აპირებს, რომელიც საზოგადოებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა

ახლადარჩეული მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე პარლამენტის წევრებს მისი კანდიდატურის მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
როგორც შოთაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ის პროკურატურაში რეფორმებს გააგრძელებს, სამართლიანობის აღდგენის პროცესს კი გააძლიერებს.
“მადლობა მინდა გადავუხადო პარლამენტის იმ წევრებს, რომლებმაც ნდობა გამომიცხადეს. ვაპირებ პროკურატურის რეფორმირების გაგრძელებას, პროკურორების კვალიფიკაციის ამაღლებას და ასევე სამართლიანობის აღდგენის პროცესის მაქსიმალურად გაძლიერებას”, – განაცხადა შოთაძემ.
მთავარი პროკურორის თქმით, მისთვის უცნობია სად გააგრძელებს მოღვაწეობას გიორგი ბადაშვილი.
“მე გიორგი ბადაშვილისგან ვიცი, რომ ის არ აპირებს პროკურატურაში მუშაობის გაგრძელებას. ჩემთვის ეს სრულიად გასაგებია, ვინაიდან როდესაც პიროვნება უწყების პირველი პირი იყო, ის მუშაობას იქ ვერ გააგრძელებს. მისი გადაწყვეტილება მისაღებია, თუმცა სად გააგრძელებს ბადაშვილი მუშაობას, ეს მისი არჩევანი იქნება”, – განაცხადა შოთაძემ.
როგორც შოთაძემ აღნიშნა, ის აპირებს იმ მასალების გასაჯაროებასაც, რომელიც საზოგადოებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა.
“მე გაცხადებული მაქვს, რომ მომავალში ვაპირებ შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას საზოგადოებისთვის ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით. ვაპირებ მასალების გასაჯაროებას ასევე იმ სისხლის სამართლის საქმეებზე, რომელზეც საზოგადოებაში ინტერესი არსებობს”, – აღნიშნა მთავარმა პროკურორმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები