გიგლა აგულაშვილი: ჰაერის დაბინძურების მაღალი მაჩვენებელი ქვეყანაში არცერთ მონაკვეთზე არ დაფიქსირდა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა გარემოს დაცვის სააგენტოში პრეზენტაცია გამართა და საზოგადოებას ატმოსფერული ჰაერის ინდიკატორული გაზომვების შედეგები გააცნო.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კვლევა საქართველოს მასშტაბით 58 მონაკვეთზე ჩატარდა. დედაქალაქში 26 მონაკვეთის შესწავლა მოხდა.

გიგლა აგულაშვილის თქმით, ჩატარებული კვლევის შედეგად ჰაერის დაბინძურების მაღალი მაჩვენებელი ქვეყანაში არცერთ მონაკვეთზე არ დაფიქსირდა. შედარებით მაღალია აზოტის დიოქსიდის მაჩვენებელი იმ მონაკვეთებზე, სადაც ავტოსაგზაო მოძრაობა უფრო ინტენსიურია, მაგალითად, რუსთაველის გამზირზე, მელიქიშვილის გამზირზე და ასე შემდეგ.

მინისტრის ინფორმაციით, აზოტის დიოქსიდის შედარებით მაღალი მაჩვენებელი მოძველებულმა ავტოპარკმა განაპირობა და ამ კუთხით საქართველოს მთავრობა გარკვეული ნაბიჯების გადადგმას გეგმავს. საუბარია ავტოდათვალიერების შემოღებაზე.

“კვლევამ აჩვენა, რომ ვითარება საქართველოში არ არის სახარბიელო, მაგრამ ასევე არ არის საგანგაშო, რადგან ყველაზე კრიტიკულ მონაკვეთშიც კი მაჩვენებელი საშუალო ფარგლებშია. გამოჩნდა, რომ დაბინძურების ძირითადი წყარო ავტოსაშუალებების მიერ არასრული წვაა. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ კვლევას გავაგრძელებთ და გვექნება დაკვირვების უფრო მეტი წერტილი, იარსებებს საინტერესო ბაზა, რომელსაც დავამუშავებთ და კონკრეტულ რეკომენდაციებს მივცემთ შესაბამისი ქალაქის ორგანოებს, რომ მათ გაითვალისწინოს ეს მონაცემები დაგეგმარების პროცესში.

ჩვენ ასევე აქტიურად განვაგრძობთ კომუნიკაციას საზოგადოებასთან ავტოსაშუალებების ტექნიკური გამართვის უზრუნველსაყოფად, რომ შევიმუშაოთ გეგმა ამ პრობლემის რაც შეიძლება მოკლე ვადაში გადასაჭრელად, იმის გათვალისწინებით, რომ აქ მთავარი ამოსავალი წერტილი არის ყველა ჩვენგანის კონსტიტუციური უფლება, ცხოვრობდეს ჯანსაღ გარემოში.

მიღებულმა შედეგებმა დაადასტურა, რომ ძირითადი იმპორტიორების მიერ შემოტანილი საწვავის ხარისხი აკმაყოფილებს ნორმებს და შეიძლება ითქვას, რომ ცალკეული კომპანიების საწვავი უფრო მაღალი ხარისხისაა, ვიდრე დადგენილი ნორმებით არის გათვალისწინებული,”- განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები