„თბილისის ბაროკო ფესტივალის“ ფარგლებში, საქართველოში „ბაროკოს მუსიკის საერთაშორისო სიმპოზიუმი“ გაიმართება

“თბილისის ბაროკო ფესტივალის“ ფარგლებში, პირველად საქართველოში „ბაროკოს მუსიკის საერთაშორისო სიმპოზიუმი“ გაიმართება,- ამის შესახებ ფესტივალისა და სიმპოზიუმის ორგანიზატორმა თეა მუქერიამ და მუსიკოსმა ტატო ჯინჯიხაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ისაუბრეს.
მათი განცხადებით, საქართველო ამიერკავკასიის მასშტაბით პირველი ქვეყანაა, სადაც ბაროკოს მუსიკის საერთაშორისო სიმპოზიუმი ტარდება.
“ევროპაში უკვე ათწლეულებია დიდი პოპულარობით სარგებლობს ძველი მუსიკის მაქსიმალურად მიახლოებული მანერითა და ავთენტური ინსტრუმენტებით შესრულება. გარდა ესთეტიკური და ეგზოტიკური დატვირთვისა, ასეთი პერფორმანსები ისტორიული კუთხითაც საინტერესოა. სწორედ ამ სახის საერთაშორისო ფესტივალს სთავაზობს „საქართველოს სინფონიეტა“ მსმენელებს. აღსანიშნავია, რომ ძველი მუსიკის ფესტივალი ამიერკავკასიის მასშტაბით პირველად გაიმართება და “თბილისის ბაროკო ფესტივალის“ ფარგლებში, აგრეთვე პირველად საქართველოში შედგება „ბაროკოს მუსიკის საერთაშორისო სიმპოზიუმი“. რომელიც ი.ს. ბახის, დ.სკარლატისა და გ.ფ. ჰენდელის დაბადებიდან 330-ე საიუბილეო წელს ეძღვნება. პროექტის მიზანია ძველებური მუსიკის პოპულარიზაცია და განვითარება, რისთვისაც საჭიროა როგორც კონცერტები, აგრეთვე ლექციები. შესაბამისად, საფესტივალო კონცერტებთან ერთად, სამეცნიერო ლექციების მოსმენის შემდეგ, ბევრი ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელი, მუსიკისმცოდნე თუ უბრალოდ მუსიკის მოყვარული დაინტერესდება ძველებური მუსიკით, გაიაზრებს მის მნიშვნელობას და მიიღებს დიდ ინფორმაციას ამ ეპოქის შესახებ, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია როგორც საშემსრულებლო, აგრეთვე სამეცნიერო მიმართულებით“,- აღნიშნა თეა მუქერიამ.
სიმპოზიუმის ფარგლებში შედგება სამი საჯარო ლექცია: 27 ნოემბერს, ვარშავის ფ. შოპენის სახელობის მუსიკის უნივერსიტეტის ასისტენტ – პროფესორი ალინა რატკოვსკა წაიკითხავს ლექციას: „დ. სკარლატი და მისი მუსიკალური გარემოცვა“ ; 2 დეკემბერს კი ლაიფციგის მენდელსონის მუსიკისა და თეატრის უნივერსიტეტის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი ქეთევან შენგელია ჩაატარებს საჯარო ლექციას: „ი. ს. ბახი და მისი დინასტია“; 5 დეკემბერს, სიმპოზიუმის დასკვნით ლექციას სახელწოდებით – „მონარქია და ჰენდელის მუსიკა“ წარმოგვიდგენს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი თეა მუქერია. იმდენად, რამდენადაც ლექციები მულტიმედიური და თემატურად მრავალფეროვანი იქნება, ტატო ჯინჯიხაძის თქმით, ის როგორც პროფესიონალებს, აგრეთვე მუსიკის მოყვარულებსაც დააინტერესებს.
ლექციები ჩატარდება 27 ნოემბერს, 2 და 5 დეკემბერს, 19:00 საათზე, „საქართველოს სინფონიეტას“ დარბაზში „Sinfonietta Stage” (სანაპიროს ქ.4, შენობა 2, სართული 8). ლექციებზე დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები