ყაზბეგი-ლარსის საბაჟო პუნქტზე 200-მდე სატვირთო ავტომობილი 3 დღეა გაჩერებულია

ყაზბეგი-ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტებზე რიგებია. სატვირთო ავტომობილების მძღოლები საქართველო-რუსეთის საზღვრის გადაკვეთას ვერ ახერხებენ. ყაზბეგ-გუდაურის ცენტრალურ მაგისტრალზე, ნეიტრალურ ზონაში, დაახლოებით, 200-მდე სატვირთო ავტომობილია გაჩერებული.
სატრანსპორტო საშუალების მძღოლები აცხადებენ, რომ, დაახლოებით, სამი დღე-ღამეა, რაც ნეიტრალურ ზონაში არიან გაჩერებულები, რისი მიზეზიც მათთვის უცნობია. ზოგიერთი მათგანი ამბობს, რომ რუსეთის საბაჟოზე გავლის უფლების მოსაპოვებლად ფულის გადახდაა საჭირო.
შემოსავლების სამსახურის აპარატის უფროსი ხატია მოისწრაფიშვილის განცხადებით, საზღვარზე ღამით 268 სატვირთო ავტომობილის გადაყვანა მოხერხდა, რუსეთ-საქართველოს საზღვარი კი 38-მა სატვირთომ გადმოკვეთა.
” წუხელ, საღამოს ათი საათიდან დღეს დილის ცხრა საათამდე უზრუნველვყავით 268 სატვირთო ავტომობილის გადაყვანა მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე. ასევე, იქიდან რუსეთ-საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა 38-მა სატვირთო მანქანამ. ასე რომ საბაჟო მუშაობს. რაც შეეხება თურქული ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეფერხებას, რომლებიც ამ წუთებშიც იმყოფებიან ნეიტრალურ ზონაში, კვლავაც რჩება 29 სატვირთო მანქანა, რომლებსაც, ჯერჯერობით უცნობია, რამდენ ხანს მოუწევთ იქ დარჩენა. ის სატვირთო მანქანები, რომლებმაც ჩათვალეს, რომ ურჩევნიათ გამობრუნება, საქართველოს ტერიტორიაზე დარჩნენ. ნაწილი, მათივე სურვილის შესაბამისად, აზერბაიჯანის მიმართულებით გაემგზავრა, ნაწილი კი თურქეთის მიმართულებით წავიდა,- განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები