კლიმატის ცვლილების პოლიტიკასა და პარიზის ხელშეკრულებისათვის მზადებაზე კონფერენცია გაიმართა
სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ კონფერენცია – „კლიმატის ცვლილების პოლიტიკა საქართველოში და მზადება პარიზის ხელშეკრულებისათვის“ გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ და გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილემ საქართველოში შომბი შარპმა მიმართეს.
კონფერენცია მიზნად ისახავს საქართველოში კლიმატის ცვლილების სფეროში მიმდინარე პროცესების შესახებ მონაწილეთა ინფორმირებას, სადაც პარიზის კონფერენციისთვის მოსამზადებელი საკითხების, ასევე მწვანე კლიმატის ფონდის, როგორც ამ სფეროში ყველზე მსხვილი ფონდის ამოქმედების საკითხი და ამ მიმართულებით ქვეყნის პრიორიტეტები განიხილეს. კონფერენციაზე კლიმატის ცვლილების კონვენციის მიმართ საქართველოს მესამე ეროვნული შეტყობინების პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და გაეროს განვითარების პროგრამების (UNDP) ორგანიზებით გაიმართა. პარიზის კლიმატის კონფერენცია მიმდინარე წლის დეკემბრის თვეში გაიმართება, რომელსაც გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის ხელმომწერი სახელმწიფოების დელეგატები დაესწრებიან. საქართველოს დელეგაციას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს.