გულიკო ზუმბაძე პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში შუალედური ანგარიშით წარდგა
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძე საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე შუალედური ანგარიშით წარდგა.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციების შუალედური ანგარიშის საკომიტეტო მოსმენა ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზში გაიმართა.
მოსმენას პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია უძღვებოდა.
გულიკო ზუმბაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ კომიტეტის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციასთან დაკავშირებით შუალედური ანგარიში წარადგინა, ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებზე ისაუბრა და დამსწრეთა კითხვებს უპასუხა.
დეპუტატის განცხადებით, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიამ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტში ცვლილებების შეტანის პროექტზე მუშაობა დაიწყო, რომელიც გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის საბჭოს შექმნას ითვალისწინებს.
„გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონით, გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნა პარლამენტის უფლებამოსილებაა. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ასეთი ჩანაწერი არ არის და შესაბამისად, მსგავსი ვალდებულება თვითმმართველობის ორგანოებს არ გააჩნიათ. თუმცა, მიგვაჩნია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კოდექსში ცვლილებებით უნდა განისაზღვროს ვალდებულება, თვითმმართველობის ორგანოებში გენდერული თანასწორობის საბჭოებისა და ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის ღონისძიებების მექანიზმების დანერგვის შესახებ.
თვითმმართველობის ორგანოებში ამ მიმართულებით მუშაობის გააქტიურების საზოგადოებრივი ინტერესი ძალიან დიდია. დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივ მუშაობას მოჰყვება შესაბამისი საკანონმდელო ცვლილებები და თვითმმართველობის ორგანოები აქტიურად ჩაერთვებიან პროცესში, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობას შეამცირებს და მისი პრევენციის მიმართულებითაც ეფექტიანი იქნება“, – განაცხადა გულიკო ზუმბაძემ.
მოსმენას საქართველოს პარლამენტის წევრები, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.