სოზარ სუბარი ბელორუსიის მენეჯერთა სკოლის სტუდენტებს შეხვდა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ბელორუსიის ახალგაზრდა მენეჯერთა სკოლის სტუდენტები ეწვივნენ. სამუშაო შეხვედრაზე სასჯელაღსრულების სისტემაში ბოლო პერიოდში მენეჯმენტის დახვეწის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და, ზოგადად, სისტემის ეფექტურად ფუნქციონირების კუთხით გატარებული რეფორმები განიხილეს. შეხვედრას შეუერთდა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი სოზარ სუბარიც, რომელმაც სტუმრების შეკითხვებს უპასუხა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, ბელორუსიის ახალგაზრდა მენეჯერთა სკოლის სტუდენტებთან ურთიერთობის გამოცდილება სამინისტროს უკვე აქვს, მსგავსი შეხვედრა სამინისტროში გასულ წელსაც გაიმართა. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ შეხვედრები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს და ბელორუსი სტუდენტებისთვის სასარგებლო იქნება.