გიორგი ალიბეგაშვილი „სავარჯიშო-გამაჯანსაღებელი მომსახურების დარგის განვითარების“ პრეზენტაციას დაესწრო

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და წარმომადგენლობითი ორგანოს ფრაქციის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარე რიმა ბერაძე სასტუმრო Holiday Inn-ში მუნიციპალური პროგრამის: „სავარჯიშო-გამაჯანსაღებელი მომსახურების დარგის განვითარება“ პრეზენტაციას დაესწრნენ.
აღნიშნული პროგრამის პრეზენტაცია, რომელიც თბილისის საკრებულომ მიმდინარე წლის 30 ოქტომბერს დაამტკიცა, მოწვეულ სტუმრებს ა(ა)იპ „თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცეტრის“ ხელმძღვანელმა ალექსანდრე მარღიშვილმა წარუდგინა. პრეზენტაციის თანახმად, პროგრამის ამოცანებს პროფესიული უნარ-ჩვევების გაუმჯობესების მიზნით ტრენინგების ჩატარება და გამაჯანსაღებელი ცენტრების შექმნისა და განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს.
პრეზენტაციაზე პროგრამის მნიშვნელობაზე საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადამიანის ჯანმრთელობა სიცოცხლის ხარისხის უმნიშვნელოვანესი განმსაზღვრელი ფაქტორი და, ამასთან, საზოგადოების განვითარების ერთ-ერთი ძირითადი პირობაა. მანვე ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება და განვითარება ქვეყნის ერთ-ერთ პრიორიტეტად დაასახელა.
,,ჩვენ ვალდებულნი ვართ, ჩვენი თანამოქალაქეების ჯანმრთელობაზე ვიზრუნოთ. აქედან გამომდინარე, ყველა იმ პროექტსა თუ პროგრამას მივესალმებით, რომელიც აღნიშნული მიმართულების განსავითარებლად და ხელშესაწყობად შეიქმნება“,-განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.
პრეზენტაციაზე წარმოდგენილი პროგრამის მიხედვით, მისი ბენეფიციარი შეიძლება გახდეს თბილისში რეგისტრირებული ყველა მეწარმე – სუბიექტები, რომელიც პროგრამით გათვალისწინებული მხარდაჭერის ისეთი ინსტრუმენტებითა და მათში შემავალი კომპონენტებით ისარგებლებს, როგორსაც ფინანსური, მატერიალურ-ტექნიკური, ინტელექტუალური და მომიჯნავე სფეროების მხარდაჭერა წარმოადგენს.
თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას სპეციალური კომისია მიიღებს, რომლის შემადგენლობაშიც, სხვა წევრებთან ერთად, თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე ნუგზარ მალაღურაძე და ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარე ლევან დარახველიძე იქნებიან.
სასტუმრო Holiday Inn-ში გამართულ პრეზენტაციას თბილისის მერი დავით ნარმანია, ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი, დედაქალაქის მერიის წარმომადგენლები და დარგის სპეციალისტები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები