მამა ილია კარტოზია განსაკუთრებული სიმამაცისთვის დაჯილდოვდა

საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციამ მცხეთის დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, ტრაგიკულად დაღუპული არქიმანდრიტი ილია კარტოზია ზღვაში ჩადენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის დააჯილდოვა. დაწესებული ჯილდო საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა კოჯი სეკიმიცუმ ლონდონში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს დიმიტრი ქუმსიშვილს გადასცა.
მინისტრმა კოჯი სეკიმიცუს მადლობა გადაუხადა მამა ილია კარტოზიას სიმამაცისა და გმირობის დაფასებისთვის და აღნიშნა, რომ საქართველოში დაბრუნებისთანავე ჯილდოს არქიმანდრიტ ილიას ოჯახს გადასცემს.
შეგახსენებთ, რომ არქიმანდრიტი ილია კარტოზია 2014 წლის 28 დეკემბერს, იტალიურ ბორან Norman Atlantic-ზე გაჩენილი ხანძრის დროს უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.
ბორანი ადრიატიკის ზღვაში საბერძნეთიდან სამხრეთ იტალიისკენ მიემართებოდა. გემზე ხანძრის გაჩენის დროს ბორტზე 487 მგზავრი, მათ შორის საქართველოს 8 მოქალაქე და 12 ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა. 36-საათიანი სამაშველო ოპერაციის შედეგად, რომელიც ვერტმფრენებისა და სამაშველო ნავების საშუალებით ჩატარდა, გარდაიცვალა 12 ადამიანი, მათ რიცხვშია გმირულად დაღუპული მცხეთის დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ილია კარტოზია.
მამა ილია იტალიაში, ბარიში, წმ. ნიკოლოზის საფლავის მოსალოცად მიემგზავრებოდა. უბედური შემთხვევის დროს, როდესაც ცეცხლმოკიდებული გემიდან მაშველებს სამაშველო ნავზე გადაჰყავდათ, მან თავისი ადგილი ბავშვიან ქალბატონს დაუთმო და თავად გემბანზე დარჩა. სამწუხაროდ, მამა ილიას გადარჩენა მაშველებმა ვეღარ მოახერხეს.
ცნობისთვის, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია (IMO), ზღვაში ჩადენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის ყოველწლიურად აჯილდოებს სხვადასხვა ადამიანებს. წელს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს შეთავაზების საფუძველზე, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის სამდივნოს 114-ე სესიაზე გადაწყდა, რომ არქიმანდრიტი ილია კარტოზია დაჯილდოვდეს ზღვაში ჩადენილი განსაკუთრებული სიმამაცის ჯილდოთი. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, ასეთი დონის საზღვაო ჯილდო აქამდე საქართველოს არცერთ მოქალაქეს არ მიუღია და, მიუხედავად ტრაგიკული შემთხვევისა, საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტია ქართველი სასულიერო პირის სიმამაცის დაფასება საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მიერ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები