ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში შვეიცარიის ელჩს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შვეიცარიის სრულუფლებიან ელჩს ლუკას ბეგლინგერს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა საქართველო-შვეიცარიის მეგობრული ურთიერთობები და ორი ქვეყნის თანამშრომლობის განვითარება იყო. ლუკას ბეგლინგერს საქართველოს მთავრობის მეთაურმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა. პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას შვეიცარიის ელჩმა აღნიშნა, რომ საქართველოში ყოფნით მოხარულია. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. ცნობისთვის, ლუკას ბეგლინგერი შვეიცარიის სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე მუშაობას ორი თვის წინ შეუდგა. პრემიერ-მინისტრმა შვეიცარიის ახალ ელჩს წარმატებული საქმიანობა უსურვა.