ბერნარ კუშნერმა ქართველ მედიკოსებს ურჩია, რომ ჯენერიკ-პრეპარატები მოსახლეობას დაბალ ფასად შესთავაზონ
საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე შექმნილ მდგომარეობასა და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის აუცილებლობას ვიზიტად მყოფი “გლობალური ალიანსის” სამთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ბერნარ კუშნერი გამოეხმაურა.
როგორც “კვირას“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ბერნარ კუშნერმა ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული მდგომარეობა შეაფასა და ქართველ მედიკოსებთან და მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ აუცილებელია, ჯენერიკ-პრეპარატები მოსახლეობას დაბალ ფასად შეთავაზონ. ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივას, რომელიც ჯენერიკ-მედიკამენტების იმპორტის ხელშეწყობასა და მათი სეგმენტის გაფართოებას გულისხმობს, მიესალმება.
როგორც კუშნერმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, მედიკამენტებზე კონტროლის გამკაცრება, რაც მუდმივ რეჟიმში უნდა ხდებოდეს.
“გლობალური ალიანსის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ბერნარ კუშნერმა საერთაშორისო კონფერენციაში: “ჯანდაცვის გამოწვევები 21-ე საუკუნეში – საქართველო და მსოფლიო” მიიღო მონაწილეობა. კონფერენციას მთავრობის წარმომადგენლები და უცხოელი სტუმრებიც ესწრებოდნენ.
“როდესაც მოქალაქე გრძნობს, მას შეუძლია მიიღოს ჯენერიკ-პრეპარატები, რომელიც შემოდის სხვა ქვეყნებიდან, მათ შორის ინდოეთიდან, მნიშვნელოვანია შევთავაზოთ მათ ჯენერიკ- პრეპარატები დაბალ ფასად, მაგრამ ამ სისტემასაც სჭირდება მუდმივი კონტროლი. მე მახსოვს, ჩემს ქვეყანაში, რეფორმის დასაწყისში ჯენერიკ-პრეპარატების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა არ იყო ადვილი, რადგან მოსახლეობა ამ პრეპარატებს ეჭვის თვალით უყურებდა. ასე რომ, მოგვიწევს მოქალაქეთა და ექიმების განსაკუთრებულ ჯგუფთან მუშაობა. ექიმმა უნდა აუხსნას პაციენტს, რა ხდება და რას ნიშნავს ეს. ჩვენ ვერ მივიღებთ გადაწყვეტილებას მხოლოდ ზემოდან, რომ შევცვალოთ ჯანდაცვის სისტემა. უნდა იყოს მუდმივი დისკუსია და დიალოგი ხალხთან. რა თქმა უნდა, ამას მინისტრი უნდა ხელმძღვანელობდეს, მაგრამ ამაში სამედიცინო პერსონალი უნდა ჩაერთოს. თქვენ უნდა გააკეთოთ არჩევანი ჯანდაცვის დაზღვევასთან დაკავშირებით, ანუ არჩევანი თქვენი ქვეყნის ბიუჯეტსა და ჯანდაცვის უზრუნველყოფას შორის. საფრანგეთში არ იყო ყველაზე ცუდი მდგომარეობა, ჩვენ გვქონდა ჯანდაცვის დაზღვევა, მაგრამ დიდი დრო დასჭირდა იმას, რომ თავი მოგვეყარა მთლიანი სისტემისთვის. ხანგრძლივი და რთული პროცესი იყო. ახლა ჩვენ გვაქვს ჯანდაცვის დაზღვევის ერთიანი საერთო სისტემა, რომელიც ცუდად არ მუშაობს, მაგრამ ხარჯიანია. აქ არის ერთი უპირატესობა, ყველაფერი იწყება ქვემოდან ზემოთ. ჩვენ ვთავაზობთ სისტემას არჩევანისა, რომელიც პასუხობს ზოგადი ხელმისაწვდომობის აუცილებლობის საკითხს და მედიცინის პროგრესის საკითხს”, – განაცხადა კუშნერმა.
“გლობალური ალიანსის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ კონფერენციაზე აღნიშნა, რომ აუცილებელია კერძო სექტორის სახელმწიფოსთან პარტნიორობა.
“თუმცა საბჭოთა სისტემის მქონე ქვეყნები გარკვეულწილად მემკვიდრეობად იღებენ გარკვეულ მიდგომებს, გამოწვევებს, რის გამოც ბევრ ქვეყანაში კერძო სექტორთან არის დისბალანსი. ჩვენ, როგორც ვხედავთ, საქართველოში, ჯანდაცვის სფეროში კერძო სექტორი დაახლოებით 80%-ით არის წარმოდგენილი, მაგრამ გჭირდებათ კანონი და შესაბამისი მექანიზმები, რომელიც დააბალანსებს სახელმწიფოს და კერძო სექტორის ფუნქციონირებას. კერძო სექტორს უნდა გააჩდეს მისაწვდომობა სახელმწიფო სექტორის ფინანსებთან. ეს ყველაფერი უნდა იყოს ორგანიზებული”, – განაცხადა კონფერენციაზე “გლობალური ალიანსის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ.
ბერნარ კუშნერი საქართველოს 19 ნოემბერს ესტუმრა. ამჯერად, მისი სტატუსი განსხვავებულია. იგი ახლახან საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს კონტრაქტორი საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფის – “გლობალური ალიანსის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა. კუშნერის ვიზიტის ძირითად მიზანს საქართველოს ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები და განხორციელებული წარმატებული პროექტების გაცნობა და შეფასება წარმოადგენდა.