დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ასამბლეის 29-ე სესიაზე მოხსენებით წარდგა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ასამბლეის 29-ე სესიაზე მოხსენებით წარდგა.
როგორც “კვირას” ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, მოხსენებაში მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო, როგორც საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის წევრი, იზიარებს აღნიშნული გაერთიანების პრინციპებს, რომლებიც მიმართულია საერთაშორისო საზღვაო უშიშროების, უსაფრთხოების და საზღვაო გარემოს დაცვის დონის ამაღლებისაკენ. მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო მომავალშიც ერთგული დარჩება საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მიზნებისა და პრინციპების მიმართ.
დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი საზღვაო ქვეყანაა, ქართველი მეზღვაურები კი მსოფლიოში არიან ცნობილნი სიმამაცითა და კომპეტენციით. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობამ ბოლო სამი წლის განმავლობაში რეკორდულად დიდი სამუშაო გასწია და ხუთი ყოვლისმომცველი რეფორმა განახორციელა საზღვაო უსაფრთხოების, უშიშროების, გარემოს დაცვის, საქართველოს ნავსადგურების საიმედოობის ამაღლებისა და საზღვაო სფეროში ადამიანური რესურსების პროფესიული განვითარების მიმართულებით.
ქუმსიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველომ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა მეზღვაურთა სწავლების, წვრთნის და სერტიფიცირების სისტემა სასწავლო პროგრამების განახლებისა და საზღვაო–სასწავლო დაწესებულებების მუდმივი მკაცრი მონიტორინგის მიზნით. შედეგად, ევროკომისიამ თავიდან აღიარა ქართველ მეზღვაურთა კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატები.
უწყების ცნობით, დღეისთვის საქართველოში რეგისტრირებულია დაახლოებით 9,000 ქართველი მეზღვაური. აქედან ყოველწლიურად, საშუალოდ, 4500 მეზღვაური საქმდება სხვადასხვა ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავ გემებზე. ჯამურად, მათი წლიური შემოსავალი შეადგენს 190 მლნ ლარს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკისთვის.
საქართველო აქტიურად მუშაობს საზღვაო სექტორის განვითარებისთის. მათ შორის, მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული სახელმწიფო დროშის იმიჯის გაუმჯობესების მიზნით. ქვეყანაში დაინერგა საერთაშორისო და ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი გემების რეგისტრაციის ახალი პროცედურები.
მინისტრის განცხადებით, ყველა გატარებული რეფორმის შედეგად, საქართველოს დროშა დღეს არის ბევრად უფრო სანდო, საქართველოს წყლები ბევრად უფრო უსაფრთხო საერთაშორისო ნავიგაციისთვის და ქართველი მეზღვაურების კვალიფიკაციის დონე არის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი.
თავისი გამოსვლისას, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ყურადღება გაამახვილა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიულ წყლებში უკანონო ნაოსნობის შემთხვევებზე და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა, რომელსაც, ჰუმანიტარული მიზნების გარდა, აკრძალული აქვს აფხაზეთის პორტებში ნაოსნობა, ვერ აიღებს პასუხისმგებლობას აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ პორტებში შემავალი გემებისა და მათი ეკიპაჟის უსაფრთხოებაზე. ცნობისთვის, საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დააანონსა მნიშვნელოვანი საერთაშორისო დონის ინიციატივა 2016 წლის სექტემბერში ბათუმში პირველი საზღვაო ფორუმის გამართვის შესახებ, სადაც მოწვეულნი იქნებიან მსოფლიო საზღვაო სფეროს მნიშვნელოვანი წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები