დიმიტრი ქუმსიშვილი ლონდონში მიშელ აიმერიკს შეხვდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ლონდონში საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ასამბლეის 29-ე სესიას დაესწრო. მინისტრმა მონაწილეობა მიიღო ორგანიზაციის ასამბლეის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტების არჩევის პროცესში. ასამბლეის ფარგლებში დიმიტრი ქუმსიშვილმა ორმხრივი შეხვედრები გამართა მსოფლიოს სხვადასხვა საზღვაო სახელმწიფოს დელეგაციების ხელმძღვანელობასთან.
საფრანგეთის დელეგაციების ხელმძღვანელთან, საზღვაო საკითხთა გენერალურ მდივან მიშელ აიმერიკთან შეხვედრისას, დიმიტრი ქუმსიშვილმა მწუხარება გამოთქვა პარიზში განხორციელებულ ტერაქტებში დაღუპულთა გამო და ფრანგ კოლეგას მიუსამძიმრა. შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოსა და საფრანგეთს შორის თანამშრომლობის საკითხები. დიმიტრი ქუმსიშვილმა ფრანგული მხარის წარმომადგენელს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც 2013 წელს საფრანგეთმა გამოხატა ევროკომისიის მიერ საქართველოში გაცემული მეზღვაურთა კომპეტენციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ხელახალი აღიარების პროცესში.
მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა საფრანგეთის დროშის ქვეშ მცურავ გემებზე ქართველ მეზღვაურთა დასაქმების ხელშეწყობისა და ფრანგი გემთფლობელების დაინტერესების მხარდაჭერაზე საქართველოს საზღვაო დროშით.
შეხვედრაზე ასევე აქცენტი გაკეთდა საზღვაო საგანმანათლებლო დაწესებულებებთან გამოცდილების გაზიარების მიმართულებით თანამშრომლობის განვითარებაზე. „ჩვენ განვიხილეთ საერთაშორისო საზღვაო სექტორში წამოჭრილი მნიშვნელოვანი საკითხები. კიდევ ერთხელ გაკეთდა აქცენტი საქართველოს უნიკალური სატრანზიტო პოტენციალის შესახებ. კოლეგებს გავაცანით ყველა ის რეფორმა, რომელიც ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოში საზღვაო მიმართულებით განხორციელდა“, – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.