„აუცილებელია სწრაფი რეაგირების სარეზერვო ჯგუფების შექმნა“

“ერთიანი დემოკრატიული მოძრაობის” წევრმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ტერორიზმის საფრთხეებზე და ქვეყნის უსაფრთხოების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებზე ისაუბრა.
ლორთქიფანიძის განცხადებით, საქართველოში რელიგიური ორგანიზაციის სახელით მოქმედი სექტებიც საფრთხის შემცველია. ამასთან ერთად, “ერთიანი დემოკრატიული მოძრაობის” წევრმა აქცენტი საზღვრების დემარკირებაზეც გააკეთა.
„საქართველო სერიოზული გამოწვევების გეოგრაფიული არეალია. დიდ აჭარაში დაბადებული და გაზრდილი ახალგაზრდა, ვინმე ხვიჩა გობაძე, თანამემამულეებს თავის მოჭრით გვემუქრება. ეს იმ უპასუხისმგებლო პოლიტიკის გამოძახილია, რომელსაც წლების განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში ჰქონდა ადგილი. ამ პოლიტიკის ნაწილია, პირველ რიგში, არასამთავრობო ორგანიზაციების სახელით მოქმედი ორგანიზაციების უკონტროლობა, რომლებიც რეალურად ამ ახალგაზრდების გადაბირებას ახდენდნენ. გაბოძე არის მსხვერპლი. მისნაირი ბევრი ახალგაზრდა ვაჰაბიტურ სკოლებში გადის „საგანმანათლებლო საქმიანობას“ – როგორც ეგვიპტეში, ისე ერაყში, სირიაში და ახლო აღმოსავლეთის სხვადასხვა ქვეყანაში. სასწრაფოდ თუ არ გატარდა უსაფრთხოების ზომები, ჩვენ საფრთხე გვემუქრება.
საქართველოს საზღვრის 32% არ არის დემარკირებული. საქართველო დღეს დგას იმ გამოწვევების წინაშე, რომლის აღმოფხვრის ვალდებულებაც ჩვენ უკვე საკანონმდებლო დონეზე გვაქვს. აუცილებელია მოხდეს ინიცირება და შეიქმნას ლოკალური, სწრაფი რეაგირების სარეზერვო ჯგუფები. საფრთხის შემცველია ტოტალური სექტები, რომლებიც რელიგიური ორგანიზაციის სახელით თავიანთ რიგებში იზიდავენ ახალგაზრდებს, ეს შეუქცევადად უარყოფითი შედეგების მომტანია საქართველოსთვის. ეს სახელმწიფო უშიშროების სამსახურის წინაშე არსებული ძალიან სერიოზული გამოწვევაა“, – განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები