დავით უსუფაშვილი თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის საპარლამენტო კომიტეტის წევრებს შეხვდა

პარლამენტის თვამჯდომარე დავით უსუფაშვილი საქართველოში ვიზიტად მყოფ ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EFTA) საპარლამენტო კომიტეტის წევრებს შეხვდა.
საკანონმდებლო ორგანოს პრესსამსახურის ცნობით, საუბრის ერთ-ერთი მთვარი თემა საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციას (შვეიცარია, ნორვეგია, ლიხტენშტეინი და ისლანდია) შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებები იყო.
დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ ხელშეკრულების გაფორმება საქართველოსთვის კიდევ ერთი შესაძლებლობა იქნება იმისთვის, რომ დაუახლოვდეს ევროპულ საზოგადოებას. პარლამენტის თავმჯდომარემ აგრეთვე აღნიშნა, რომ საქართველოსაც შეუძლია ეკონომიკური და ვაჭრობის თვალსაზრისით ბევრი რამ შესთავაზოს ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის წევრ ქვეყნებს.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზეც. პარლამენტის თავმჯდომარემ სტუმრებს რეგიონში არსებული ვითარება გააცნო.
ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EFTA) საპარლამენტო კომიტეტის წევრებმა განაცხადეს, რომ მათი ვიზიტის მიზანია მხარეებს შორის მოსაზრებების გაცვლა და საქართველოსა და EFTA-ს წევრ ქვეყნებს შორის დინამიკურად მზარდი ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარება. სტუმრებმა აღნიშნეს, რომ ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის ქვეყნები ევროკავშირისთვის მესამე ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია აშშ-სა და ჩინეთის შემდეგ.
პარლამენტის თავმჯდომარემ შეხვედრაზე საქართველოს მიერ ევროკავშირთან ხელმოწერილ ასოცირების ხელშეკრულებაზე და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს ევროპულ ბაზარზე თავისი პროდუქტის გატანის მეტი შესაძლებელობა გაუჩნდა. დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო აღმოსავლეთის ქვეყნებთან ურთიერთობებშიც აქტიურობს და ჩინეთის ,,აბრეშუმი გზის“ ახალი ინიციატივის ფარგლებში მრავალი პროექტის განხორციელებაში გეგემავს მონაწილეობას.
,,ამგვარი ტიპის შეთანხმებები ახალ ენერგიას და სტიმულს მატებს როგორც საქართველოს მთავრობას, ასევე ქართველ ხალხს, რომ გააგრძელონ სვლა აღებული კურსით“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები