სირია-თურქეთის საზღვარზე რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებას კრემლი გამოეხმაურა

კრემლმა „ზუსტად იცის“, რომ სირია-თურქეთის საზღვარზე სამშაბათს ჩამოგდებულ „სუ-24“-ის ტიპის თვითმფრინავს თურქეთის საჰაერო სივრცე არ დაურღვევია. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. მისი თქმით, ინციდენტის შესაძლო შედეგებზე საუბარი ამ ეტაპზე ნაადრევია. პესკოვმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვლადიმერ პუტინი ამ ინციდენტის გამო უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევას აპირებს. ასევე, პესკოვი ნაადრევად მიიჩნევს მოსკოვი – ანკარის ურთიერთობების პერსპექტივის კომენტირებას ამ ინციდენტის შემდეგ.
„ეს, მართლაც, ძალიან სერიოზული ინციდენტია, მაგრამ დასკვნების გაკეთება ნაადრევია. არასწორი იქნებოდა რაიმე შეფასების მიცემა იქამდე, ვიდრე ჩვენ ზუსტი სურათი არ გვექნება“, – განაცხადა პესკოვმა მოსკოვსა და ანკარას შორის ურთიერთობების პესპექტივების კომენტირებისას.
მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად განაცხადა, რომ თურქეთის საზღვართან რუსული სუ-24 ჩამოვარდა, რომელიც, სავარაუდოდ, მიწიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად ააფეთქეს. თურქული მედიის ცნობით კი, ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა რუსული თვითმფრინავი გაანადგურეს, რომელმაც თურქეთის საჰაერო სივრცე დაარღვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები