დავით უსუფაშვილმა და ედგარს რინკევიჩსმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხები განიხილეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრს ედგარს რინკევიჩსს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხები განიხილეს.
ინტეგრაციის პროცესებზე საუბრისას, მხარეებმა ძირითადი ყურადღება ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მიმდინარეობასა და ევროპის კომისიის მოხსენებაზე გაამახვილეს, რომელიც წლის ბოლოსთვის გამოქვეყნდება.
ევროპელი დიპლომატის შეფასებით, საქართველო ბრიუსელიდან პოზიტიურ რეკომენდაციას უნდა ელოდოს, რაც უახლოეს მომავალში ქვეყნის მოსახლეობას შენგენის ქვეყნებში უვიზოდ გადაადგილების საშუალებას მისცემს.
„განსაკუთრებით მინდა გავიხსენო საქართველოში ჩემი ვიზიტი, მაშინ, როცა პარლამენტის ქუთაისის სასახლეში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონია გაიმართა. მას შემდეგ ერთი წელი გავიდა და ამ ხნის განმავლობაში სახეზეა ის პროგრესი, რომელიც ქვეყანამ ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის და ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში განახორციელა. მნიშვნელოვანია ასევე საქართველოს წარმატებული მონაწილეობა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფორმატის ღონისძიებებში, რაც საბოლოოდ, ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს წინსვლას განაპირობებს“, – განაცხადა ედგარს რინკევიჩსმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ლატვიის პირველ დიპლომატს მადლობა მოახსენა იმ მხარდაჭერისა და დახმარებისთვის, რასაც მისი ქვეყანა საქართველოს მიმართ გამოხატავს. დავით უსუფაშვილის შეფასებით, ლატვია ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მეგობრად და პარტნიორად განიხილება და საქართველო მუდმივად გრძნობს ამ ქვეყნის თანადგომას როგორც საერთაშორისო ფორუმებზე, ასევე ეს წარმატებული თანამშრომლობა ორმხრივ ურთიერთობებშიც აისახება.
ვიზიტის ფარგლებში ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს და ქართველ კოლეგას შეხვდება. ასევე დაგეგმილია საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ დიცის და საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალის მონახულება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები