ბელგიაში სპეცოპერაციის შედეგად 16 პირი დააკავეს
ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 16 პირია დაკავებული. ამის შესახებ სააგენტო „ფრანს-პრესი“ ქალაქის პროკურატურაზე დაყრდნობით იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, ამ ადამიანთა შორის არ არის პარიზის ტერაქტებში ერთ-ერთი მთავარი ეჭვმიტანილი სალაჰ აბდესლამი. ოპერაციის დროს იარაღი და ასაფეთქებელი მოწყობილობები არ უპოვიათ. გარდა ამისა, პროკურატურაში აცხადებენ, რომ მოლენბეკის რაიონში ჩატარებული ოპერაციის დროს ერთ-ერთმა პირმა ავტომობილი პოლიციის მიმართულებით დაძრა და სამართალდამცველებმა მას ცეცხლი გაუხსნეს. ეჭვმიტანილმა, რომელიც სროლის შედეგად დაიჭრა, მიმალვა მოახერხა, თუმცა მოგვიანებით ის დააკავეს, ბელგიის პოლიცია უპრეცედენტო ანტიტერორისტულ ოპერაციას ატარებს, ქვეყანაში ყველაზე მაღალი ტერორისტული საფრთხის დონე გამოცხადდა. ბელგიის სპეცსამსახურებმა ინფორმაცია მიიღეს, რომ ქვეყანაში პარიზის ტერაქტის მსგავსი თავდასხმები იგეგმება. ეს ინფორმაცია ბელგიის პოლიციამ უცხოეთის სპეცსამსახურებისგან მიიღო.