ადვოკატი ბორჩაშვილის სირიაში ყოფნის ფაქტს ადასტურებს

სუსის მიერ ტერორისტული საქმიანობის ბრალდებით დაკავებული დავით ბორჩაშვილის ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი ადასტურებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი სირიაში იმყოფებოდა.
უფლებადამცველმა ბორჩაშვილი კლინიკაში ცოტა ხნის წინ მოინახულა.
ადვოკატი უარყოფს, რომ დავით ბორჩაშვილი დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთანაა“ დაკავშირებული.
როგორც ნიკოლაიშვილმა “კვირასთან“ საუბრისას განაცხადა, დავით ბორჩაშვილი სირიაში დაახლოებით ერთი წლის წინ იმყოფებოდა და მას კავშირი სირიის თავისუფალ არმიასთან ჰქონდა.
ადვოკატის თქმით, სირიის თავისუფალი არმია ბაშარ ასადის რეჟიმსა და „ისლამურ სახელმწიფოს“ უპირისპირდება.
“დავით ბორჩაშვილი ადასტურებს, რომ სირიაში ნამყოფია, ის იქ ერთი წლის წინ იყო და კავშირი ჰქონდა სირიის თავისუფალი არმიასთან. მისი თქმით, ადგილი, სადაც ის იმყოფებოდა, ასეულობით კილომეტრით არის დაშორებული “ისლამური სახელმწიფოს” ბანაკებიდან. სირიის თავისუფალი არმია ებრძვის ასადის ანტიდემოკრატიულ რეჟიმს და უპირისპირდება ისლამურ სახელმწიფოს, მეტიც, სირიის თავისუფალი არმია მხადაჭერილია ამერიკისა და ევროპის დემოკრატიული სახელმწიფოების მიერ“, – აღნიშნა გელა ნიკოლაიშვილმა.
დავით ბორჩაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა დააკავეს. აღნიშნული ინფორმაცია “კვირას” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ნინო გიორგობიანმა დაუდასტურა. ბორჩაშვილი საქართველოს სსკ-ის 328 ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში ან უცხოეთის კონტროლისადმი დაქვემდებარებულ ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას ან ტერორისტულ საქმიანობაში მის დახმარებას გულისხმობს. დავით ბორჩაშვილს 10-დან 18 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

სოციალურ ქსელ “იუთუბში” გავრცელებულია ვიდეოკადრები, სადაც ტერორისტული საქმიანობის ბრალდებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაკავებული, პანკისელი დავით ბორჩაშვილი ჩანს. ერთ-ერთ ვიდეოში, ბორჩაშვილი, სავარაუდოდ, სირიაში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებთან ერთად ყოფნის დროს არის გადაღებული. ვიდეოში ჩანს, რომ ის შეიარაღებულია და აღნიშნულ პირებთან ერთად ავტომობილით გადაადგილდება. ინტერნეტში გავრცელებულია კიდევ ერთი ვიდეო, სადაც სავარაუდოდ ერთ-ერთი „ბოევიკის“ დაკრძალვის ცერემონიაა ასახული, კადრებში ასევე ფიგურირებს სუსის მიერ დაკავებული დავით ბორჩაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები