ნატალია საბანაძე ბელგიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს

ბრიუსელში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ნატალია საბანაძე ბელგიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
“მივმართავ ჩვენს მოქალაქეებს, მოერიდონ ხალხმრავალ ადგილებს. ფაქტობრივად ქალაქი პარალიზებულია, ბრიუსელში იმყოფებოდა სამეფო უბნის თეატრის დასი, რომელსაც ჰქონდა სპექტაკლი, მაგრამ შაბათს ეს სპექტაკლი გაუქმდა“, – განაცხადა ნატალია საბანაძემ “მოამბესთან“ საუბრისას.
ნატალია საბანაძე აცხადებს, რომ საელჩოს ვებგვერდზე სარეკომენდაციო ხასიათის განცხადება გავრცელდება.
საფრანგეთის მსგავსად უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები მოქმედებს შვედეთსა და ბელგიაში. ბრიუსელის ქუჩებში 24-საათიან რეჟიმში სამართალდამცველები აკონტროლებენ. მობილიზებულია ჯარი.
ხელისუფლება ბრიუსელში მცხოვრებ მოსახლეობას მოუწოდებს, თავშეყრის ადგილებს მოერიდონ და უსაფრთხოების დაწესებული მოთხოვნები შეასრულონ.
ბელგიელმა სამართალდამცველებმა პარიზის ტერაქტების ორგანიზებაში ეჭვმიტანილი მესამე პირი დააკავეს. ის 39 წლის მაროკოელი ლაზეზ აბრამია. სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი ბრიუსელში, ავტომობილის მართვის დროს აიყვანეს. პოლიციამ მის მანქანაში სისხლის კვალი აღმოაჩინა. ჩხრეკის შედეგად, დაკავებულის ავტომობილიდან და მოგვიანებით მისი საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია რამდენიმე ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი. ის სასამართლოს წინაშე ტერორიზმის ბრალდებით ოთხშაბათს წარდგება. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ამ დრომდე ბელგიაში უნდა იმყოფებოდეს აბდესლამ სალაჰიც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები