მსოფლიოს ქვეყნებში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია
მსოფლიოს რიგ ქვეყნებში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული.
უცხოური მედიის ინფორმაციით, საფრანგეთის მსგავსად უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები მოქმედებს შვედეთსა და ბელგიაში.
ბრიუსელის ქუჩებში სამართალდამცველები სიტუაციას 24-საათიან რეჟიმში აკონტროლებენ.
მობილიზებულია ჯარი.
ხელისუფლება ბრიუსელში მცხოვრებ მოსახლეობას მოუწოდებს, საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებს მოერიდონ და უსაფრთხოების დაწესებული მოთხოვნები შეასრულონ.
ბელგიელმა სამართალდამცველებმა პარიზის ტერაქტების ორგანიზებაში ეჭვმიტანილი მესამე პირი დააკავეს. ის 39 წლის მაროკოელი ლაზეზ აბრამია. სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი ბრიუსელში, ავტომობილის მართვის დროს აიყვანეს.
პოლიციამ მის მანქანაში სისხლის კვალი აღმოაჩინა. ჩხრეკის შედეგად, დაკავებულის ავტომობილიდან და მოგვიანებით მისი საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია რამდენიმე ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი. ის სასამართლოს წინაშე ტერორიზმის ბრალდებით ოთხშაბათს წარდგება.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, ამ დრომდე ბელგიაში უნდა იმყოფებოდეს აბდესლამ სალაჰიც.