„მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის“ გრძელდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, პროექტის „მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის“ ფარგლებში, ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრა ჩატარდა. როგორც “კვირას” შსს-დან აცნობეს, შეხვედრის მიზანი იყო მართლწესრიგისა და უსაფრთხოების საკითხებზე, მოზარდების სამოქალაქო ცნობიერების განვითარების ხელშეწყობის გზით, არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის პრევენცია.
შეხვედრას ესწრებოდნენ შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის დასავლეთ რეგიონალური განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელი ირაკლი ანანიძე, ამავე დეპარტამენტის აჭარის ა/რ-ის სამმართველოს ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი გია ჯუმუხაძე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ჩოხატაურის რესურსცენტრის უფროსი შორენა მახარაძე.
შსს-ს წარმომადგენლები მოსწავლეებს ორგანიზებული დანაშაულის სხვადასხვა ფორმის, როგორიცაა ტრეფიკინგი, კიბერდანაშაული და მათი პრევენციის შესახებ ესაუბრნენ. მათ მოსწავლეებს არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკა გააცნეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. შსს-ს წარმომადგენლებმა მოსწავლეების შეკითხვებს ამომწურავად უპასუხეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ პროექტი „მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის“ მიმდინარე წლის 1 მაისიდან დაიწყო. მისი მიზანია არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის პრევენცია, მართლწესრიგისა და უსაფრთხოების საკითხებზე მათი სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება. პროგრამაში ჩართული იყო თბილისის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის და კახეთის კერძო და საჯარო სკოლები.
პროექტის ფარგლებში, შს სამინისტრომ სკოლებში ათეულობით სალექციო ტიპის სემინარი ჩაატარა, რომლებშიც ცენტრალური კრიმინალური პოლიცია და საპატრულო პოლიცია იყო ჩართული. ასევე მოეწყო 51 გასვლითი, საექსკურსიო-პრაქტიკული ვიზიტი შს სამინისტროს სხვადასხვა ქვედანაყოფში.
საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროექტი „მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის“ გრძელდება როგორც დედაქალაქის, ისე რეგიონების საჯარო სკოლებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები