რა მოხდა იორმუღანლოში – „კვირამ“ მკვლელობის დეტალები გაარკვია
კახეთში, საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღანლოში მომხდარ მკვლელობას საქართველოში აზერბაიჯანელების ეროვნული კონგრესის თავმჯდომარე ეხმაურება. ალი ბაბაევი აცხადებს, რომ სოფელ იორმუღანლოში ბიზნესპარტიორებს შორის „სისხლიანი გარჩევა“ მოხდა. მისი თქმით, მომხდარი ფაქტი არანაირად არ უკავშირდება ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის რაიმე სახით დაპირისპირებას.
როგორც ალი ბაბაევმა „კვირას“ განუცხადა, სოფელ შრომიდან ნოდარ ქომელიშვილი და მისი სიმამრი მერაბ გოგრიჭიანი სოფელ იორმუღანლოში გასესხებული ფულის დასაბრუნებლად წავიდნენ. ალი ბაბაევის ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი წარსულში ნასამართლევია და სასჯელაღსრულების დაწესებულება ახლახან დატოვა. ისინი ვალს ყოფილ პოლიციელს – შამხარ ვექილოვს სთხოვდნენ.
„რამდენიმე წლის წინ ნოდარ ქომელიშვილმა და მისმა სიმამრმა – მერაბ გოგრიჭიანმა ცხვრის ფარა შუამავლის დახმარებით გაყიდეს. მაშინ მყიდველთან შუამავალი შამხარ ვექილოვი იყო. რეალიზაციის შედეგად, სიძე-სიმამრს 10 ათასი დოლარი მიუღიათ. მათთვის შამხარ ვექილოვს 12 ათასი დოლარი კიდევ უნდა მიეცა.
გუშინ, სოფელ შრომიდან სიძე-სიმამრი ყოფილ პოლიციელთან სახლში მივიდნენ და ვალის დაბრუნებას ითხოვდნენ. ერთ-ერთი მათგანი ცეცხლსასროლი იარაღით იყო შეიარაღებული. შამხარ ვექილოვის ეზოში სიტყვიერი დაპირისპირება ჩხუბში გადაიზარდა, ამ დროს სახლის მეპატრონეს სახლიდან დანა გამოუტანია. ჩხუბის დროს, იარაღი, რომელიც ერთ-ერთ მათგანს ძირს დაუვარდა, ყოფილმა პოლიციელმა გაისროლა. სამი გასროლის შემდეგ, ნოდარ ქომელიშვილი ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო მძიმედ დაჭრილი მერაბ გოგრიჭიანი საგარეჯოს საავადმყოფოში მოათავსეს“, – აღნიშნა „კვირასთან“ ალი ბაბაევმა.
მისი თქმით, რაც შეეხება ყოფილ პოლიციელს, შამხარ ვექილოვს, მან შემთხვევის ადგილი მიატოვა და სამართალდამცველები ეძებენ. ალი ბაბაევი შს სამინისტროს და პროკურატურას თხოვნით მიმართავს, რომ გამოძიება ობიექტურად წარიმართოს. მეზობლების ინფორმაციით, მამაკაცმა, რომელიც მკვლელობაშია ბრალდებული, ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის სახლში მისულ პირებს რამდენჯერმე ესროლა.
„ვალზე მივიდნენ, „მაკაროვის“ სისტემის იარაღი ჰქონდათ გაფორმებული და სახლში ედოთ. ამათ იარაღი არ გამოუყენებიათ. ეუბნებოდნენ, ვალი მოგვეციო, იმას დანა აუღია, ამ „სპორში“ იარაღი ჩამოუვარდათ, ყოფილმა პოლიციელმა „მაკაროვი“ აიღო და ერთი კაცი მოკლა, ერთი კი დაჭრა“,- განაცხადა გარდაცვლილის ახლობელმა.
შემთხვევა გუშინ, 20 ნოემბერს დილით მოხდა. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ „კვირა“ საგარეჯოში „ჯეო ჰოსპიტალს“ დაუკავშირდა. ოპერატორმა ხათუნა ბათურიშვილმა „კვირა“ ადმინისტრაციასთან გადაამისამართა. მოგვიანებით, „ჯეო ჰოსპიტლის“ სათავო ოფისის ოპერატორმა განგვიცხადა, რომ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას 3 დღის შემდეგ, სამშაბათს, 24 ნოემბერს მოგვაწვდიდა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 108 -ე მუხლით მიმდინარეობს.