გენადი არველაძე აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის ოფისის დელეგაციას შეხვდა

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის ოფისის დელეგაციას შეხვდა. ამერიკული მხარე მზადაა, აშშ-საქართველოს ვაჭრობასა და ინვესტიციებზე მაღალი დონის დიალოგის ფარგლებში ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობა მომავალშიც გაგრძელდეს.
შეხვედრას მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის (USTR) ოფისის დელეგაციის წევრები დაესწრნენ, კერძოდ, USTR ოფისის თანაშემწე რუსეთისა და ევრაზიის საკითხებში ელიზაბეტ ჰეფნერი და დირექტორი ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის საკითხებში ჯეისონ ბუნტინი.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოში აშშ-ის საელჩოსა და საქართველოს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები. შეხვედრის ფარგლებში შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან განხილულ იქნა ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების, სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომების, სახელმწიფო შესყიდვების, ინოვაციების, ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის, შრომისა და მეწარმეობის განვითარების სფეროებში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები და აღნიშნულ სფეროებში აშშ-სთან თანამშრომლობის პერსპექტივები.
აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენლობის დელეგაციის ვიზიტი შედგა აშშ-საქართველოს ვაჭრობასა და ინვესტიციებზე მაღალი დონის დიალოგის (HLTD) ფარგლებში. ხსენებული მაღალი დონის დიალოგის რიგით მეორე შეხვედრა გაიმართა 30 ოქტომბერს ვაშინგტონში, რის ფარგლებშიც დაიგეგმა საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმების შემფასებელი მისიის ვიზიტი.
შეხვედრაზე გენადი არველაძემ ყურადღება გაამახვილა აშშ-საქართველოს ვაჭრობასა და ინვესტიციებზე მაღალი დონის დიალოგის მნიშვნელობაზე, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების შესაძლებლობაზე, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებსა და საქართველოს მიერ სავაჭრო სფეროში განხორციელებულ რეფორმებზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები