როსბალტი: სჭირდება თუ არა აფხაზეთი რუსეთს?

ყირიმის რუსეთთან მიერთების შესახებ რეფერენდუმის შემდეგ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა ღელავს. ახლახან მომხდარი პრეცედენტის შემდეგ ხალხი კამათობს – ყირიმივით შეუერთდნენ რუსეთს თუ მოიქცნენ ისე, ვითომ დამოუკიდებლები არიან, – მათი დამოუკიდებლობა ხომ საერთაშორისო უფლებების მხოლოდ ოთხმა სუბიექტმა აღიარა. „ობივატელურ“ დონეზე სამხრეთ ოსეთი, დიდი ალბათობით, ჩრდილოეთ ოსეთს, ანუ რუსეთს შეუერთდება. სხვა საქმეა მულტიეთნიკური, უფრო მრავალრიცხოვანი და რუსეთისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი აფხაზეთი. მასობრივი ინფორმაციების ფორუმებზე, რომელშიც აფხაზეთის მოსახლეობა მონაწილეობს – აზრი სხვადასხვაგვარად იყოფა. ისინი, ვისაც მიაჩნიათ, (ძირითადად, „ნაცუმცირესობას“), რომ აფხაზეთს ამჟამად ეთნოკრატია მართავს, რუსეთთან მიერთების მომხრეები არიან, იმის იმედით, რომ ეს სიტუაციას ცოტათი განმუხტავს. რუსეთთან მიერთება სურთ ეთნიკურ რუსებსაც – მათ აფხაზეთში უძრავი ქონების წართმევის და სხვა უსიამოვნებების ეშინიათ. არიან ისინიც, რომლებიც, პრინციპში, დამოუკიდებლობის მომხრეები არიან, მაგრამ რუსეთთან მიერთების ცდუნება, იმის იმედით, რომ მათი ცხოვრების დონე ცოტათი მაინც მიუახლოვდება რუსეთისას,- მაინც არსებობს. სხვები ფიქრობენ, რომ დამოუკიდებლობა აფხაზი ხალხის მთავარი ღირებულებაა, რისთვისაც მათ ათასობით სიცოცხლე გაიღეს. და თუ ახალ, ,,სუვერენულ, დემოკრატიულ“ აფხაზეთში ბევრს შია და საშიშროება ემუქრება – რას იზამ, უნდა მოითმინოს, უნდა იღწვოდეს უკეთესისკენ, გულზე ხელები არ უნდა დაიკრიფოს. ამ ყველაფერთან ერთად, ბევრი აფხაზი გაღიზიანებულია, რომ დამოუკიდებლობის აღიარების საფასურად, მათ რუსების და მათი სამხედრო ბაზების ატანა უწევთ, ისინი კი იქცევიან ისე, როგორც საკუთარ სახლში, ხელმძღვანელ პოსტებზე მხოლოდ ისინი ინიშნებიან და პრაქტიკულად ამითი მთავრდება აფხაზეთის ,,სუვერენიტეტი“. ამ ლოგიკური ჯაჭვის გაგრძელებით, აფხაზები ფიქრობენ, რომ რუსეთის შემადგენლობაში შესვლა მათ კიდევ იმიტომ არ აწყობთ, რომ უკიდეგანო რუსეთის სივრცეში ისინი უბრალოდ დაიკარგებიან, აიძულებენ, დაივიწყონ მშობლიური ენა, ამასთან კი – ეთნიკური იდენტობაც. მაგრამ ყველაზე მეტად აფხაზებს ახლა ეშინიათ, რომ მოსკოვი მათ არ ჰკითხავს, სურთ თუ არა რუსეთთან მიერთება, რაც წარმოქმნის სიტუაციას, რომლიდანაც გამოსავალი უბრალოდ აღარ იქნება, გარდა იმისა, რომ უკან, საქართველოში დაბრუნდნენ. სოხუმშიც ასევე სვამენ კითხვას: რუსეთთან მიერთების შემთხვევაში, დაკარგავს თუ არა აფხაზეთი ქართველებით კომპაქტურად დასახლებულ გალის რაიონს. ასე, რომ აფხაზები რესპუბლიკის რუსეთთან მიერთების პლუსებსა და მინუსებზე კამათობენ. თუმცა ცოტა ადამიანი თუ ფიქრობს, სჭირდება თუ არა ახლა რუსეთს მსოფლიოს პოლიტიკური რუკის რადიკალურად შეცვლა და ახალი თავისტკივილი – ეკონომიკურად ჩამორჩენილი და სრულიად არასაიმედო აფხაზეთის სახით.
გარდა ამისა, რაში სჭირდება რუსეთს, მითუმეტეს ყირიმის ამბების ფონზე, კიდევ ერთი კონფლიქტი ,,საზღვარგარეთთან“, კიდევ ერთი მიზეზი ნატოსთან და დასავლეთთან ,,ცივი ომის“ გასაჩაღებლად? რუსეთის პრობლემები აფხაზეთის მიერთებით არ ამოიწურება. არსებულის გარდა, ისინი სხვა სერიოზულ დაძაბულობას შექმნიან რუსეთ-საქართველოს საზღვარზე. აფხაზეთი, ყირიმისგან განსხვავებით, არ ღირს ამ მსხვერპლად. ჯერ ერთი, იქ ბაზირებული არ არის რუსული ფლოტი, მეორე – რუსეთის სამხედრო ბაზები აფხაზეთის მიერთების გარეშეც კარგად ფუნქციონირებენ. და საერთოდ, რუსეთი ძალიან დაიხარჯა აფხაზეთის ,,დამოუკიდებლობაზე“, თუმცა ამ დანახარჯებს აფხაზეთის ეკონომიკა არ აუყვავებია. რესპუბლიკა წინანდებურად ნახევრად დანგრეულ მდგომარეობაში და მოსკოვის დოტაციაზე იმყოფება. მოსახლეობის ცხოვრების დონე კი, თუ არ ეცემა, ყოველ შემთხვევაში, არც მატულობს.
აფხაზეთის კეთილდღეობას შესაძლოა, დროებით უშველოს ყირიმის სიტუაციამ. თუ საკურორტო სეზონი ჩავარდება, ღარიბ რუს ტურისტს საშუალება ექნება, კეთილმოუწყობელ, სამაგიეროდ, აფხაზეთის იაფ პლაჟებს ეწვიოს.

წყარო: http://www.rosbalt.ru

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები