დავით უსუფაშვილი: ეს სამსახური ინსტიტუციური ჩარჩოებით ვერ შემოიფარგლება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი იურიდიული დახმარების სამსახურის 10 წლის იუბილეს დაესწრო და ცერემონიალი მისასალმებელი სიტყვით გახსნა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სახელმწიფო მაშინაა სრულყოფილი, როდესაც იურიდიული დახმარების სამსახური სრულყოფილად და ეფექტურად ფუნქციონირებს. „არ მგონია, რომ ვაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ სახელმწიფო მაშინ შეიძლება იწოდებოდეს სახელმწიფოდ დღეს, 21-ე საუკუნეში, მაშინ და როდესაც, ეს სამსახური აქვს ყველაზე უფრო გამართული, სრულყოფილი, ფეხზე დამდგარი და ეფექტური, ანუ სახელმწიფო, თანამედროვე გაგებით, არის ის დაწესებულება, რომელიც იცავს თავის მოქალაქეებს, იცავს დამნაშავეებისგანაც და იცავს მაშინაც, როდესაც ამა თუ იმ მოქალაქეს, სახელმწიფო დაწესებულებები, სათანადო უწყებები, სწორედ დანაშაულს აბრალებენ. აი მაშინ არის სახელმწიფო სრულყოფილი, ისეთი, რომელიც მოქალაქეს ყოველთვის იცავს, მიუხედავად იმისა, როგორია ეს მოქალაქე, სად იმყოფება, რამდენად წარმატებულია თუ წარუმატებელი“,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, იურიდიული სამსახურის დახმარება კონკრეტული მოქალაქეების მიმართ განუზომელია.
„განუზომელია ის დახმარება, რასაც იღებენ კონკრეტული მოქალაქეები კონკრეტულ საქმეებში, ძალიან სასიხარულოა, რომ სამსახურის თავად სტრუქტურულ-ორგანიზაციული განვითარება, მგონი, სწორი გზით წავიდა, ბევრი ეტაპი გაიარა მან: უწყებრივი დაქვემდებარება, სხვადასხვა სისტემა, სტრუქტურა, დაფინანსების მოდელი, კომპეტენციის სხვადასხვა ჩარჩოები და ასე შემდეგ, მაგრამ, მგონი, სწორ გზაზე ვდგავართ ჩვენ ყველა-თავად სამსახური, კანონმდებლები, ვისაც კანონში შეგვაქვს ცვლილებები, მთავრობა, ვინც უზრუნველყოფს ფინანსებით და სხვა აუცილებელი საშუალებებით და საერთაშორისო ორგანიზაციები, რომელთა დახმარების გარეშე ეს სამსახური ვერ დადგებოდა ფეხზე“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
საკანონმდებლო ორგანოს მმართველმა ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, მოქალაქეებმა იცოდნენ, რას საქმიანობს და რატომაა ეს სამსახური აუცილებელი. უსუფაშვილმა სსაქართველოში დამოუკიდებელი, იურისტთა პროფესიული ორგანიზაციების შექმნის ისტორიაც გაიხსენა.
„ეს იყო ერთ-ერთი საწყისი და პირველი იდეა, რომელმაც გააერთიანა ახალ, დამოუკიდებელ საქართველოში ახალგაზრდა იურისტთა არაერთი თაობა და სწორედ ამით იწყებოდა ახალი, დამოუკიდებელი, პროფესიული ორგანიზაციები. პირველი იურიდიული მომსახურების ცენტრი, სატელეფონო კონსულტაციები, მახსოვს, როგორ გაიხსნა, ისიც მახსოვს, ვინ მუშაობდა ამ ცენტრებში. ეს არის 90-იანი წლების ყველაზე მძიმე პერიოდი, როდესაც,შუქი არ იყო, პური არ იყო, ტრანსპორტი არ იყო,მაგრამ გვქონდა იმის განცდა, რომ ეს გასაკეთებელია და ტელეფონის ხაზი რომ გაგვეყვანა და ცხელი ხაზის შესაძლებლობა რომ ყოფილიყო, კავშირგაბმულობის მინისტრის ჩარევა გახდა მაშინ საჭირო, რომ ტელეფონი ყოფილიყო გამოყოფილი ამ ხალხისთვის, რომ მათ ემუშავათ. ასეთ მძიმე ვითარებაში იწყებოდა ამ ტიპის გააზრება იურისტებში, რომ ეს ჩვენი ვალდებულებაა,რომ უფასოდ მოვემსახუროთ ჩვენს მოქალაქეებს“,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
დავით უსუფაშვილის თქმით, აღნიშნული სამსახური ვერ შემოიფარგლება ინსტიტუციური ჩარჩოებით, საერთო მიზანს კი მოქალაქეების მეტი დაცულობა წარმოადგენს.
„ამით მინდა მეც გავიხსენო, თქვენც შეგახსენოთ, რომ ეს სამსახური არ და ვერ შემოიფარგლება იმ ინსტიტუციური ჩარჩოებით, იმ ადამიანებით ვინც აქ მსახურობს. თქვენ გისურვებთ წარმატებას,არა ერთი ათი წლის წარმატებულ საქმიანობას, მაგრამ თქვენ გყავთ ძალიან ბევრი გულშემატკივარი,არასამთვრობო სექტორში, იურიდიულ პროფესიაში,ზოგადად ქვეყანაში და ამით დარწმუნებული ვარ ჩვენ მივაღწევთ ჩვენს საერთო ამოცანას, ჩვენი მოქალაქეები იქნებიან უფრო უკეთ და მეტად დაცული“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები