“რუსეთის ჯარს რა თქმა უნდა, შეეძლო თბილისში შემოსვლა და საქართველოში პრეზიდენტების ყოფნამ ამას ხელი შეუშალა”

საქართველოში ყველას ძალიან უყვარს ბერნარდ კუშნერი იმ თანადგომის გამო, რომელიც მან ქართველ ხალხს 2008 წლის ომის დროს გაუწია, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა. კუშნერი თსუ-ში გლობალური ალიანსის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის რანგში საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსთან ერთად იმყოფებოდა.
საფრანგეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ბერნარდ კუშნერმა სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრაზე 2008 წლის ომის მოვლენები გაიხსენა. კუშნერს დაუსვეს კითხვა, თუ რა იყო ყველაზე რთული გადაწყვეტილება მოლაპარაკებებში, რომელსაც საფრანგეთი ევროკავშირის რანგში თავმჯდომარეობით 2008 წელს ახორციელებდა. “ეს არ იყო ადვილი დრო. მიუხედავად ამისა, თქვენ განუხრელ წინააღმდეგობას უწევდით მოწინააღმდეგეს. გვესმის, რომ ეს არ არის ამ ამბის დასასრული”, – აღნიშნა კუშნერმა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთი იყო ევროკავშირის პრეზიდენტი, გადაწვეტილების მიღება ერთპიროვნულად არ ხდებოდა და ევროკავშირი ითვალისწინებდა პასუხისმგებლობების გადანაწილებას. კუშნერის თქმით, რეაგირება 2008 წელს ევროკავშირის მხრიდან უნდა ყოფილიყო ძალიან სწრაფი, რაც სირთულეს წარმოადგენდა.
“მე ჩამოვედი საქართველოში და საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად წავედით გორში, სწორედ მაშინ შემოვიდა რუსეთის არმია. ჩვენ ვნახეთ, რა დღეში იყვნენ ადამიანები, რომელთაც ბომბავდნენ. შემდეგ დავბრუნდით თბილისში და ძალიან ხანგრძლივი საუბარი გვქონდა. ამავე დროს, ევროკავშირის ხუთი პრეზიდენტი ჩამოდიოდა საქართველოში. რა თქმა უნდა, ეს იყო მხარდაჭერა. თუმცა საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ დამირეკა და მითხრა, რომ უნდა ჩავსულიყავი მოსკოვში, სადაც მედვედევთან გვქონდა მოლაპარაკებები. გზად ვნახე დაბომბილი ცხინვალი, ლტოლვილები, რომლებიც ჩრდილოეთისკენ გადაადგილდებოდნენ და მე არ მინდოდა წავსულიყავი ისე, რომ მათაც არ შევხვედროდი. ამიტომ ორივე მხარის პოზიციები მოვისმინე. მივედი ბანაკში, ჩრდილოეთ ოსეთში, სადაც ცხინვალიდან წამოსული ლტოლვილები იმყოფებოდნენ. მოვისმინე ამ ადამიანების პრობლემები. შემდეგ კი ჩავფრინდით მოსკოვში, სადაც გვქონდა შეხვედრები. ბატონი პუტინი ძალიან მკაცრად გვესაუბრებოდა. ჩვენი მიზანი იყო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ხელმოწერა. შემდეგ პრობლემები შეიქმნა იმასთან დაკავშირებით, რომ, ლავროვის თქმით, ცვლილება იყო თარგმანში და როცა დავბრუნდით დოკუმენტით საქართველოში, არა მარტო სააკაშვილმა არ მოაწერა ხელი ამ დოკუმენტს, არამედ რთული იყო ევროკავშირის იმ ხუთი პრეზიდენტის დარწმუნებაც კი, რომ ამ დოკუმენტზე ხელმოწერა მიზანშეწონილი იყო”, – განაცხადა კუშნერმა.
მისივე თქმით, ფრანგული მხარე “შეიძლება არც ისე ზრდილობიანად მოიქცა“ და უარი განაცხადა, მონაწილეობა მიეღო შეხვედრაში, რომელიც ხუთი პრეზიდენტის მონაწილეობით მიმდინარეობდა და შემდეგ მინისტრებს უკვე ბრიუსელში უმასპინძლა.
კუშნერი მიიჩნევს, რომ ევროკავშირმა სწრაფად იმოქმედა და ამ სისწრაფემ ძალიან კარგი სამსახური გასწია ომის შეჩერების პროცესში.
კუშნერმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ რუსეთმა, რა თქმა უნდა, ანგარიში არ გაუწია ცეცხლის შეწყვეტის ექვსპუნქტიან შეთანხმებას, მაგრამ მნიშვნელოვანი იყო ევროკავშირის მონიტორინგის ჯგუფის შექმნა და სიტუაციის სტაბილიზაცია.
მისი თქმით, რუსეთის ჯარს, რა თქმა უნდა, შეეძლო თბილისში შემოსვლა და ვფიქრობ, საქართველოში პრეზიდენტების ყოფნამ ამას ხელი შეუშალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები