“ალასანიას ბურჭულაძესთან საოპერო მომავალზე ნამდვილად არ ექნებოდა საუბარი”

“თავისუფალი დემოკრატები“ პაატა ბურჭულაძის და პარტიის ლიდერის ირაკლი ალასანიას შეხვედრასთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებენ. ისინი ადასტურებენ, რომ ეს შეხვედრა საოპერო მომღერლის ინიციატივით შედგა.
„მან გამოთქვა სურვილი, რომ შექმნიდა ფონდს და მომავალში შესაძლოა, შექმნიდა პარტიას. რამდენადაც ვიცი, ირაკლი ალასანიამ უთხრა, რომ ეს ყველას შეუძლია. ეს იყო მხოლოდ პირადი შეხვედრა, ამას კონსულტაციებს ვერ დავარქმევ“, – განმარტა ნინო გოგუაძემ.
ალექსი პეტრიაშვილის თქმით, „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერს და მომღერალს დიდი ხნის ნაცნობობა აკავშირებთ. შეხვედრის თემა კი, მისი აზრით, ქვეყნის უკეთეს მომავალთან დაკავშირებით ხედვების გაცვლა იქნებოდა.
“ალასანიას საოპერო მომავალზე ნამდვილად არ ექნებოდა საუბარი”, – განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.
„საქართველოს განვითარების ფონდის“ დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ, თანამოაზრეებთან ერთად, ჟურნალისტებთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა. პაატა ბურჭულაძემ „თბილისი მარიოტში“ მედიის წარმომადგენლებს თანამოაზრეები გააცნო: გიორგი რუხაძე, ვანო მაჭავარიანი, ხათუნა ლაგაზიძე და დავით ჯანდიერი.
ბურჭულაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას არც უარყო და არც დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, აპირებს თუ არა ის პოლიტიკაში მოსვლას. ამასთანავე, შეხვედრაზე პაატა ბურჭულაძემ ჟურნალისტის კითხვას უპასუხა – ხომ არ გაცვლის ის საოპერო სცენას პოლიტიკურ სცენაზე და შედგება თუ არა მსოფლიო ბანის პოლიტიკური პრემიერა.
ბურჭულაძის განცხადებით, ის არასდროს ოცნებობდა, ყოფილიყო საოპერო მომღერალი, თუმცა დღეს ის ცნობილი მომღერალია.
როგორც ბურჭულაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ის მზად არის, ნებისმიერ ძალასთან კონსულტაციისთვის. კითხვაზე, ჰქონდა თუ არა კონსულტაცია მას ყოფილ პრემიერთან, ბიძინა ივანიშვილთან, ბურჭულაძის თქმით, მას კონსულტაცია ყველასთან ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ მომავალ წელს ყველა საკონცერტო კონტრაქტი ბურჭულაძემ გააუქმა. მსოფლიო ბანმა, პაატა ბურჭულაძემ „საქართველოს განვითარების ფონდი“ დაახლოებით ორი კვირის წინ დააფუძნა. ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ვანო მაჭავარიანია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები