თეა წულუკიანი: „თავისუფალი დემოკრატების” ნაწილი უკან სვლის რეჟიმშია და პარტიას განვითარების საშუალებას არ აძლევს

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი “თავისუფალი დემოკრატების” ახალგაზრდული ფრთის მიერ გამართულ საპროტესტო აქციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პარტიის ერთი ნაწილი უკან სვლის რეჟიმშია და პარტიას განვითარების საშუალებას არ აძლევს.
მინისტრის თქმით, დასანანია, რომ აქციის მონაწილეებს მოუწიათ თავიდან ამ აქციის გამართვა იუსტიციის სახლთან და მერე გაიგეს, რომ თურმე იუსტიციის მინისტრი იუსტიციის სამინისტროში ზის.
ამასთან, როგორც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, როდესაც ის იყო პარტია “თავისუფალი დემოკრატების” წევრი, იუსტიციის სამინისტროს კიბეებზე ზურაბ ადეიშვილის წინააღმდეგ გირგვლიანის საქმეზე აქცია მოუწყვია.
” ჩემი ყოფილი პარტიის აქციას, დასანანია, რომ მათ მოუწიათ თავიდან ამ აქციის გამართვა იუსტიციის სახლთან და მერე გაიგეს, რომ თურმე იუსტიციის მინისტრი იუსტიციის სამინისტროში ზის. მაგრამ, ალბათ, ამაშიც დაიხვეწებიან მომავალში.
როგორც ჩანს, შეეტყო ჩემი პარტიიდან წასვლა, აღარ იციან, სად ვზივარ. რაც შეეხება თვითონ ამ აქციის სლოგანებს, მე ვხედავ, რომ სამწუხაროდ, “თავისუფალი დემოკრატების” პარტიის ერთი ნაწილი უკან სვლის რეჟიმში არის, პარტიას უკან ექაჩება და არ აძლევს განვითარების საშუალებას.
დღეს “თავისუფალი დემოკრატების” პარტიის ერთი ნაწილი აქციას აწყობს და აპროტესტებს იმ უპრეცედენტოდ დადებით მოვლენას, რაც არის მთავარი პროკურორის გამჭვირვალე წესით შერჩევა. თქვენ თვითონ შეადარეთ და შეაფასეთ”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ იუსტიციის სამინისტროსთან პარტიის ახალგაზრდულმა ფრთამ საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეებმა მთავარი პროკურორობის ერთ-ერთ კანდიდატად ირაკლი შოთაძის წარდგენა გააპროტესტეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები