კარლო ნატალე: ვიზალიბერალიზაციის შესახებ მოლაპარაკებები სამოქმედო გეგმის მიხედვით მიმდინარეობს
“ვიზალიბერალიზაციის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს სამოქმედო გეგმით განსაზღვრული კურსის მიხედვით”,- ამის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა კარლო ნატალემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დღევანდელ განცხადებაზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
იგი მიიჩნევს, რომ აღნიშნულ პროცესზე რაიმე პოლიტიკური გავლენა ვერ იმოქმედებს.
“არ ვფიქრობ, რომ რაიმე პოლიტიკური გავლენა იქნება ამ პროცესზე. ჩვენ ველოდებით დეკემბრის შუა რიცხვებისთვის ანგარიშს ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით”,-აღნიშნა ნატალემ.
საქართველოს პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს განაცხადა, “ნაციონალური მოძრაობის” წევრები – დავით ბაქრაძე და გიორგი კანდელაკი ევროკავშირში ითხოვენ, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაცია არ მისცენ.
ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია მინისტრებს თავად ევროკავშირში მიაწოდეს.