დავით უსუფაშვილი: ეს არის დიდი და სერიოზული ამოცანა
საქართველოს პარლამენტში ორდღიანმა სემინარმა გაუმჯობესებული რეგულირების ზემოქმედების/გავლენების შეფასებისა და კანონმდებლობის მონიტორინგის ცალკეული ასპექტების შესახებ მუშაობა დაიწყო.
სემინარი პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა გახსნა. მან პარლამენტების წინაშე მდგარ ახალ გამოწვევებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ პროექტი, რომელსაც საქართველოს პარლამენტი ახორციელებს ეუთოს, ODIHR-ის ვარშავის ოფისთან ერთად, სერიოზული ამოცანაა.
„მოხარული ვარ, რომ ის პროექტი, რომელსაც საქართველოს პარლამენტი ახორციელებს ეუთოს, ODIHR-ის (ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისი) ვარშავის ოფისთან ერთად, არის წარმატებული და ჩვენ უკვე გადავედით ძალიან კონკრეტულ, ფოკუსირებულ თემებზე, მას შემდეგ, რაც განხორციელდა, ძალიან საფუძვლიანი, კვალიფიციური, ღრმა ანალიზი იმისა, თუ როგორ უნდა გავაუმჯობესოთ საკანონმდებლო პროცესი საქართველოს პარლამენტში. ეს არის ძალიან დიდი და სერიოზული ამოცანა, არა მხოლოდ საქართველოს მსგავსი ახალგაზრდა დემოკრატიებისთვის, არამედ, ზოგადად, ყველა პარლამენტისთვის. ჩვენ გვაქვს ძალიან ინტენსიური ურთიერთობა ევროპის და მსოფლიოს სხვადასხვა პარლამენტთან და ყველგან, სადაც გვიხდება ჩასვლა, ან საიდანაც ჩამოდიან ჩვენთან სტუმრები, ერთხმად აღვნიშნავთ, რომ სრულიად ახალი გამოწვევების წინაშეა საკანონმდებლო ორგანო ყველა ქვეყანაში. ეს ახალი გამოწვევები უკავშირდება იმ პრიორიტეტებს, იმ სტანდარტებს, რომლებიც განსაკუთრებით, 21-ე საუკუნის პირობებში იძენს სრულიად ახალ ელფერს. აშკარაა, რომ წარმომადგენლობითი დემოკრატიის მარტივი გაგება იმის თაობაზე, რომ ხალხმა აირჩია პარლამენტის წევრები და შემდგომ პარლამენტის წევრები გარკვეული ვადის განმავლობაში იღებენ სწორ და ჭკვიანურ და ეფექტურ გადაწყვეტილებებს, ასე მარტივი აღარ არის. კომუნიკაციის თანამედროვე საშუალებები იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ყოველი ჩვენი ნაბიჯი იყოს აქტიური კრიტიკის ქვეშ“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
დავით უსუფაშვილის განცხადებით, საქართველოს კანონმდებლობა ტურისტებისთვისაც მნიშვნელოვანია, ამიტომ აუცილებელია საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა ჩვენს საქმიანობაში.
„გლობალიზაციამ თავისი ახალი ამოცანები დაუყენა თითოეულ ქვეყანას, თითოეულ პარლამენტს, იმიტომ, რომ ჩვენ დიდი ხანია კანონებს არ ვიღებთ მხოლოდ საკუთარი მოქალაქეებისთვის. ჩვენ კანონებს ვიღებთ ძალიან ბევრი სხვა მოქალაქეებისთვისაც. ის სტატისტიკა, რომელიც ერთი მხრივ გვახარებს, რომ ბევრი ტურისტი და ბიზნესმენი ჩამოდის საქართველოში, ნიშნავს იმასაც, რომ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა ამ ადამიანებისთვისაც მნიშვნელოვანი ხდება ისევე როგორც ჩვენთვისაა მნიშვნელოვანი იმ ქვეყნების კანონმდებლობა, სადაც ჩვენ გვიწევს ჩასვლა განათლების მისაღებად, საცხოვრებლად, ბიზნესისთვის და ასე შემდეგ. ამაზე ვსაუბრობი მიტომ, რომ აუცილებელია თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა ჩვენს საქმიანობაში. ამ თვალსაზრისით, როგორც მოგახსენეთ, ეუთოს და ODIHR-ის ძალისხმევით მოწოდებული დოკუმენტები და უკვე ჩატარებული სამუშაო არის უაღრესად მნიშვნელოვანი“,-აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
უსუფაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია ამ პროცესში სხვადასხვა დარგის სპეციალისტების და ექსპერტების მონაწილეობა, რომ გავიაზროთ ამა თუ იმ ნორმის და კანონის ფინანსური, ეკონომიკური, სოციალური და უამრავი სხვა ასპექტი
„კანონმდებლობა და საკანონმდებლო საქმიანობა ეს არ არის მხოლოდ იურისტების საქმე. აქ არ შეიძლება, მხოლოდ იურისტმა შეძლოს იმ ეფექტის გააზრება კანონის მოქმედების პროცესში, რომელიც ეხება სოფლის მეურნეობას, მედიცინას, განათლებას თუ უსაფრთხოების სისტემას და ასე შემდეგ. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ამ პროცესში სხვადასხვა დარგის სპეციალისტების და ექსპერტების მონაწილეობა, რომ გავიაზროთ ამა თუ იმ ნორმის და კანონის ფინანსური, ეკონომიკური, სოციალური და უამრავი სხვა ასპექტი “, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ეუთოს და ODIHR-ის წარმომადგენლებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
,,ჩვენ ეუთოს-თან და ODIHR-თან კიდევ ვაგრძელებთ ძალიან საინტერესო პროექტებს. ორი დღის წინ გვქონდა საშუალება, ამ თემაზე ეუთოს შტაბ-ბინაში, ვენაში გვქონოდა საუბარი და ეს თანამშრომლობა გაგრძელდება ამ მიმართულებითაც და ბევრი სხვა მიმართულებითაც“,-აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ცნობისთვის, სემინარის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტში მიმდინარე საკანონმდებლო პროცესის მაგალითებს რამდენიმე კომიტეტის თავმჯდომარე წარმოადგენს. სემინარში მონაწილეობას საქართველოს პარლამენტისა და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, ასევე, ეუთოს და ODIHR-ის წარმომადგენლები და ექსპერტები იღებენ.