თბილისის 2016 წლის ბიუჯეტის შემოსულობების ნაწილში 74 -მილიონიანი მატებაა
თბილისის საკრებულოს საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ჯაბა სამუშიამ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში დედაქალაქის 2016 წლის ბიუჯეტის პარამეტრების შესახებ ისაუბრა. სამუშიას განცხადებით, ბიუჯეტის განხილვა ფრაქციებში უკვე მიმდინარეობს, დღეს უკვე ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის კომისიებში განხილვა დაიწყება, რის შემდეგაც, შენიშვნების არსებობის შემთხვევაში, ის მერიას უკან დაუბრუნდება, ჩასწორებულ ვარიანტს კი თბილისის მერია საკრებულოს 10 დეკემბერამდე გაუგზავნის.
რაც შეეხება ბიუჯეტის პარამეტრებს, საკრებულოს დეპუტატის განცხადებით, ბიუჯეტი 810 მილიონიანი ასიგნებებით არის წარმოდგენილი, წინა წლის ბიუჯეტთან შედარებით მასში 7-მილიონიანი მატებაა, თუმცა შემოსულობების ნაწილში 74-მილიონიანი მატება აღინიშნა.
„ რაც შეეხება ცალკეულ მიმართულებებს, თითქმის ყველა მიმართულებით არის მატება. 20 მილიონი მატება არის საგზაო ინფრასტრუქტურის კუთხით, 29 მილიონი მატებაა მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად და ავარიული შენობა – ნაგებობების რეაბილიტაციისთვის, 9 მილიონიანი მატებაა ჯანდაცვისა და სოციალური პროექტების კუთხით, 3- მილიონიანი მატებაა განათლების მიმართულებით… შემოსულობების ნაწილში 74- მილიონიანი მატება, ბუნებრივია, უშუალოდ ცალკეულ დარგებზე უნდა აისახოს“,- განაცხადა ჯაბა სამუშიამ.
რაც შეეხება ადმინისტრაციული თანხების მატებას, სამუშიას განმარტებით, ამ მიმართულებაზე საუბრისას ხელისუფლების ოპონენტები ციფრებით მანიპულირებენ, ისინი ამბობენ, რომ ამ მიმართულებით 7- მილიონიანი მატებაა და არ შიფრავენ ამას.
„ მერიის ადმინისტრაციაში ხარჯვით ნაწილში, მართლაც, არის 7- მილიონიანი ზრდა. საიდან წამოვიდა ეს? საქმე ისაა, რომ მერიის სამი ყველაზე დიდი სტრუქტურული ერთეული: არქიტექტურის სამსახური, ქონების მართვის სამსახური და ტექნოლოგიური ფონდი აქამდე პირდაპირ სუბსიდიაზე იყო. ისინი იღებდნენ სუბსიდიას, მათთვის პირდაპირ იყო გათვალისწინებული ბიუჯეტში მოჭრილი თანხა, რომელიც ამ ორგანიზაციის დასაფინანასებლად მიდიოდა. ეს თანხა ახლა არის მერიის ადმინისტრაციაში ასახული, გამოვიდა, რომ ელემენტარულად თანხის თანამიმდევრობა შეიცვლება. ეს 7 მილიონი სხვა მუხლში ოღონდ სხვა მიმართულებით მიდიოდა და წინა წლებშიც იხარხებოდა“,- აღნიშნა სამუშიამ.
რაც შეეხება სახელფასო დანამატებს, სამუშიას განმარტებით, ამ კუთხით ახალი რეგულაციები ამოქმედდა და ყველა მსგავსი ქმედება კანონის ჩარჩოშია მოქცეული.