ეკა ბესელია: მთავარი პროკურორის კანდიდატებთან კითხვები მაქვს
საპროკურორო საბჭოს წევრს ეკა ბესელიას მთავარი პროკურორის სამივე კანდიდატთან კითხვები აქვს. როგორც ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ საპროკურორო საბჭოსთვის წარდგენილი სამი კანდიდატიდან ორ მათგანს იცნობს. თუმცა, ბესელია აცხადებს, რომ სამივე კანდიდატმა ის აუცილებელი კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს, რაც კანონშემოქმედებმა კანონში ჩაწერეს.
“ბუნებრივია, ყველაზე მეტად მაინტერესებს მათი ხედვა, როგორ აპირებს თითოეული მათგანი პროკურატურის სისტემის რეფორმირების პროცესში საკუთარი ახალი ხედვა განავითაროს, რა სტრატეგია აქვს, რა სიახლეები შეუძლია შესთავაზოს საბჭოს და პარლამენტს. გარდა იმ აუცილებელი კრიტერიუმებისა, რაც კანონშია ჩაწერილი, მაინც განმსაზღვრელი უნდა იყოს გამოცდილება, კვალიფიკაცია, პროფესიონალიზმი, სანდოობა, პროკურატურის სისტემის ცოდნა და ხედვა“, – აცხადებს ეკა ბესელია.
კითხვაზე, ამ კუთხით აქვს თუ არა უპირატესობა თეა წულუკიანის მიერ წარდგენილ ერთ-ერთ კანდიდატს ირაკლი შოთაძეს, ბესელიამ აღნიშნა, რომ უპირატესობა გამოჩნდება საბოლოოდ, კენჭისყრის დროს. თუმცა, ბესელიას თქმით, შოთაძეს, ბუნებრივია, აქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება.
საპროკურორო სხდომის დაწყებამდე კომენტარი გააკეთა მისმა ერთ-ერთმა წევრმა ირმა ჭკადუამ. მისივე თქმით, მას ექნება საკმაოდ კრიტიკული კითხვები და ძალიან სერიოზული მოთხოვნები თითოეულ კანდიდატთან.
„ცუდია რომ კითხვა-პასუხის რეჟიმს არ ესწრებით, ვინაიდან მე მექნება კრიტიკული კითხვები და ძალიან სერიოზული მოთხოვნები თოთოეულ მათგანთან და მათი ხედვები და პროგრამა ჩემთვის მნიშვნელოვანი იქნება, თუ როგორ წარმოუდგენია თითოეულ მათგანს, ზოგადად, პროკურატურის განვითარება, რადგან ჩასატარებელია სისტემური რეფორმა, არის სერიოზული პრობლემები კადრებთან მიმართებაში”, – განაცხადა ირმა ჭკადუამ.
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საპროკურორო საბჭოს გუშინ მთავარი პროკურორობის კანდიდატებად ვლადიმერ გაბრიჩიძე, ნანა რევაზიშვილი და ირაკლი შოთაძე წარუდგინა. დღეს საპროკურორო საბჭოს ფორმატში სამივე კანდიდატთან გასაუბრება მედიისთვის დახურული რეჟიმში მიმდინარეობს, რის შედეგადაც ფარული კენჭისყრის წესით არჩევნები გაიმართება. მთავარი პროკურორობის კანდიდატი გახდება ის, ვინც ხმათა 2/3-ს დააგროვებს. ამგვარად დამტკიცებულ კანდიდატს საპორკურორო საბჭოს სახელით იუსტიციის მინისტრი მთავრობას წარუდგენს, მთავრობის თანხმობის შემთხვევაში კანდიდატი საბოლოო არჩევნებისთვის პარლამენტს წარედგინება.