სახელმწიფო აუდიტი თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის შემოწმებას იწყებს
სახელმწიფო აუდიტის სამსახური თბილისის მერიიის კეთილმოწყობის სამსახურის შემოწმებას იწყებს. როგორც სახელმწიფო აუდიტის ხელმძღვანელმა ლაშა თორდიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, უწყება ამ ეტაპზე თბილისის მერიის ზედამხედველობის ადმინისტრაციას ამოწმებს. მისივე თქმით, თბილისის მერიის გარდა, აუდიტის თანამშრომლები გლდანისა და სამგორის რაიონის გამგეობებებს ამოწმებენ.
„ამ ეტაპზე ჩვენ ვამოწმებთ თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ადმინისტრაციას და თბილისის ორ ყველაზე მსხვილ გამგეობას – გლდანისა და სამგორის რაიონის გამგეობას. რამდენიმე დღეში დაიწყება კეთილმოწყობის სამსახურის შემოწმება. ასევე 2016 წელს, შევამოწმებთ ყველა იმ სამსახურს, რომელიც 2015 წლის გეგმის ფარგლებში ვერ მოხერხდა შემოწმება. იმ შემთხვევაში თუ იქნება დარღვევები, დაიწერება შესაბამისი დასკვნა. დასკვნა იქნება საჯარო და გამოქვეყნდება ჩვენს ვებ-გვერდზე, რომელიც იქნება ყველასთვის ცნობილი“, – განაცხადა ლაშა თორდიამ.