ოლანდი მომავალ კვირას ობამას და პუტინს შეხვდება
საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი მომავალ კვირას აშშ-ს პრეზიდენტ ბარაკ ობამას და რუსეთის ლიდერს ვლადიმერ პუტინს შეხვდება. ამ შეხვედრაზე ტერორიზმთან ერთობლივი ბრძოლის საკითხებს განიხილავენ. ამის შესახებ ოლანდმა საფრანგეთის კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
საფრანგეთის კონგრესი პარლამენტის ორი პალატის (ნაციონალური კრების და სენატის) გასვლით სხდომას წარმოადგენს. კონგრესი ძალზე იშვიათად იკრიბება, ძირითადად, კონსტიტუციაში ცვლილებების შესატანად, ევროკავშირში ახალი სახელმწიფოს მიღების ან პრეზიდენტის სპეციალური მიმართვისთვის, რაც ბოლოს 2009 წელს მოხდა. შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში 13 ნოემბერს მომხდარი ტერაქტების შედეგად 129 ადამიანი დაიღუპა, 300-მდე კი დაიჭრა.