ფრანგული სატირული ჟურნალის რედაქციაში 10 ადამიანი მოკლეს – ვიდეო
პარიზის ცენტრში, ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაში შეიარაღებული თავდამსხმელები შეიჭრნენ. ამის შესახებ სააგენტო „ფრანს პრესი“ იუწყება. სააგენტო „როიტერი“ კი 10 დაღუპულის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. პრესაში გავრცელებული მონაცემებით, „კალაშნიკოვის“ ავტომატიდან ისროდნენ. თვითმხილველებმა სულ მცირე 30 გასროლის ხმა გაიგეს. ადგილზე დიდი რაოდენობით სამართალდამცავები არიან მობილიზებულნი. სროლის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.
ცნობისთვის, Charlie Hebdo-ს რედაქციის ფანჯარაში 2011 წლის ნოემბერში რაღაც ნივთიერებით სავსე ბოთლი ისროლეს. შედეგად, რედაქციაში ხანძარი გაჩნდა. შემთხვევა მეორე დღეს მოხდა იმ ჟურნალის ნომრის გამოცემიდან, რომლის მთავარ რედაქტორადაც წანასწარმეტყველი მუჰამედი გამოცხადდა. გამოცემის გარეკანზე გამოსახული იყო წინასწარმეტყველის კარიკატურა, რომელიც ამბობდა: „მათრახის ასი დარტყმა, თუ არ გეცინებათ“. სარედაქციო სტატიაში ნათქვამია, რომ ჟურნალმა ასე ტუნისის არჩევნებში ისლამური პარტიის გამარჯვება აღნიშნა.
2005 წელს ჟურნალმა მუსლიმების მკვეთრი კრიტიკა დაიმსახურა. იმ დროს გამოცემამ დანიური გაზეთიდან წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურის ასლი გამოაქვეყნა. ჟურნალის წინააღმდეგ მუსლიმების შეურაცხყოფის ბრალდებით სარჩელი შეიტანეს. 2 წლის შემდეგ ბრალდება მოხსნეს.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=P3j4lS7UG0Q” width=”560″ height=”315″]