“რედისონში” ბრიტანელი ექსპერტების მიერ ჩატარებული კვლევის პრეზენტაცია გაიმართება
არასამთავრობო ორგანიზაცია “ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრი”-ს ინიციატივით კვლევის „წარსულის პირისპირ: გაკვეთილები საერთაშორისო გამოცდილებიდან“ შედეგების პრეზენტაცია გაიმართება. ბრიტანელი ექსპერტების ჯენი მონროსა და ბრაიან ბრივატის მიერ ჩატარებული კვლევის პრეზენტაცია ხვალ, 18:30-ზე სასტუმრო “რედისონ ბლუ-ივერიაში” დაიწყება. ღონისძიება საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით იმართება.
კვლევა, რომელიც ეხება წარსულში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების მიმართ სახელმწიფოს რეაგირების („სამართლიანობის აღდგენის“) პოლიტიკას, მათ შორის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის და საკუთრების უფლებების დარღვევის ფაქტებზე რეაგირებას, მოიცავს ხუთი ქვეყნის გამოცდილებას (ჩეხეთი, განა, ჩრდილოეთ ირლანდია, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა და ესპანეთი).
შედეგების განხილვის შემდეგ ჩატარდება პროფესორ ბრაიან ბრივატის საჯარო ლექცია „წარსული სხვა ქვეყანაა: რატომ უნდა ვესტუმროთ მას?“ ღონისძიებას დაესწრებიან მედიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
გარდა ამისა, ბრიტანელ ექსპერტთა ჯგუფი გამართავს შეხვედრებს საქართველოს პარლამენტის წევრებთან, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და სხვა ოფიციალურ პირებთან. ვიზიტის ფარგლებში მხარეები იმსჯელებენ წარსულში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე სახელმწიფოს რეაგირების პოლიტიკაზე. მოხდება კვლევის „წარსულის პირისპირ: გაკვეთილები საერთაშორისო გამოცდილებიდან“ შედეგების გაცნობა.