უკრაინა დღეიდან რუსული ელექტროენერგიის შეძენაზე უარს ამბობს
დღეიდან უკრაინა რუსულ ელექტროენერგიას აღარ შეიძენს. „უკრენერგოს“ წარმომადგენლის ზინოვი ბუცოს განცხადებით, კიევი მოსკოვს კონტრაქტის გაგრძელების განაცხადით აღარ მიმართავს. უკრაინა შეეცდება მისთვის საჭირო ელექტროენერგიის სიმძლავრეების დაკმაყოფილებას საკუთარი ძალებით.
რუსული ელექტროენერგიის შეძენა უკრაინისთვის აუცილებელი გახდა 2014 წლის ბოლოს, როდესაც იქ ნახშირის მარაგი ამოიწურა და ელექტროსადგურების ბლოკები კრიტიკული დატვირთვის გამო მწყობრიდან გამოდიოდა.
2014 წელს უკრაინიდან რუსეთში ელექტროენერტგიის იმპორტმა 178 მილიონი კვტ/სთ შეადგინა, ხოლო მიმდინარე წლის 9 თვეში 1 მილიარდ 951 მილიონი კვტ/სთ.
ამასთანავე, უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროში კონტრაქტის გაგრძელებას არ გამორიცხავენ, ვინაიდან ეს „ენერგოსისტემის დაზღვევისთვის არის აუცილებელი“.