ავღანეთში დაჭრილი კაპრალი სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

ავღანეთში, ISAF-ის მისიაში დაჭრილი კაპრალი დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ამერიკული კუთხის სხვადასხვა კლუბის წევრ ბავშვებს შეხვდა.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ბავშვებთან შესახვედრად ასევე მივიდნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსი პაატა პატიაშვილი და აშშ-ის არმიის სამხედრო სამოქალაქო მხარდაჭერის ოფისის წარმომადგენლები. პატარების სტუმრებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ბავშვები დაინტერესდნენ, რა განწყობა ჰქონდათ თემო დადიანის მშობლებს, როდესაც შეიტყვეს, რომ მათ შვილს საერთაშორისო მისიის შესრულება ავღანეთში მოუწევდა. მოსწავლეებმა შეკითხვები სამხედრო მომზადების, ავღანეთში ქართული სამხედრო კონტინგენტის საქმიანობის, სამხედროების საცხოვრებელი პირობებისა და სამხედრო კარიერის შესახებაც დასვეს.

ღონისძიების ბოლოს ბავშვებმა კაპრალ თემო დადიანთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

შეგახსენებთ, რომ კაპრალი თემო დადიანი 4 წლის წინ ავღანეთში ხელნაკეთ ნაღმზე აფეთქდა და კიდურები დაკარგა. მიუხედავად ამისა, ცხოვრებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს, ის აზიდვებში გინესის ორგზის რეკორდსმენია და უახლოეს პერიოდში მესამე რეკორდის მოხსნას გეგმავს. წარმატებით ასპარეზობს საერთაშორისო ტურნირებში, ჩემპიონია ფარიკაობაში და აქტიურად ვარჯიშობს მკლავჭიდში; დგას თხილამურებზე და დაკავებულია სერფინგითაც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები