“დასავლეთის რეაქცია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლებას იზოლაციაში აქცევს“

ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში „რუსთავი 2 “- ის ირგვლივ განვითარებულ პროცესებზე ისაუბრა. ექსპერტის განცხადებით, სასამართლო სისტემაში არიან მოსამართლეები, რომლებიც კავშირში არიან პოლიტიკურ ჯგუფებთან და მზად არიან, მათ ემსახურონ.
ექსპერტმა აქცენტი ტელეკომპანიის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დასავლეთის რეაქციაზეც გააკეთა. მისი თქმით, რეაქცია, რაც ამ პროცესებს დასავლეთის მხრიდან მოჰყვა, საქართველოს ხელისუფლებას ფაქტობრივ იზოლაციაში აქცევს.
„ რუსთავი 2“ ერთგვარი ბარომეტრია, რომლის წელში გადატეხვის შემთხვევაში ამუშავდება დომინოს პრინციპი და ძალიან მალე შეიძლება საქართველოში არცერთი თავისუფალი მედიასაშუალება არ იყოს. მე მინდა მოვუწოდო ხელისუფლებას, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს ეს ეჭვები გაუქარწყლოს. ამ შემთხვევაში მედიის წინააღმდეგ მიმართული მთავარი იარაღი სასამართლოა. დღეს სასამართლოში არიან მოსამართლეები, რომელთაც შეუძლიათ იყვნენ იარაღი ნებისმიერი ხელისუფლების ხელში. მოსამართლეების და სამართალდამცავ სისტემებში მომუშავე ადამიანების გარკვეული წყება დღევანდელ ხელისუფლებას „ნაციონალური მოძრაობისგან“ მემკვიდრეობით ერგო. ეს არის ის კატეგორია, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელში მსახვრალი იარაღი იყო და იგივე ფუნქციით დიდი სიამოვნებით სთავაზობენ საკუთარ თავს ხელისუფლებას. ამ ხელისუფლებას ურთმელიძეზე დიდი მტერი არა ჰყავს. ურთმელიძე არის იარაღი არა „რუსთავი 2“ -ის, არამედ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ. მე ურთმელიძეში კოლექტიურ „ურთმელიძეებს“ ვგულისხმობ. ის რეაქცია, რაც ამ პროცესებს დასავლეთის მხრიდან მოჰყვა, საქართველოს ხელისუფლებას ფაქტობრივ იზოლაციაში აქცევს. წინ არის 2016 წლის არჩევნები და სწორედ საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებაზე იქნება დამოკიდებული, საქართველოში ჩატარებული არჩევნები მიიჩნევა სამართლიანად და შემდგარად თუ არა“, – განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები