თბილისში ბიზნესინკუბატორი Fab Lab-ი გაიხსნა

თბილისის მერიისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხელშეწყობით ახალი, თანამედროვე სამრეწველო ლაბორატორია Fab Lab-ი გაიხსნა.
ლაბორატორიის წითელი ლენტი, სიმბოლურად, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა გაჭრეს. სამრეწველო ლაბორატორიის პროექტი თბილისის მერიის სსიპ „ტექნოლოგიური განვითარების ფონდს“ ეკუთვნის.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორია, რომელიც, ერთი მხრივ, სტუდენტებს აძლევს საშუალებას, რომ კვალიფიკაცია პრაქტიკულად აიმაღლონ, მეორეს მხრივ კი, ეს არის მოგებაზე გათვლილი ბიზნესპროექტი, რომლითაც ჩვენ ვეხმარებით მცირე მეწარმეებს. მათ შეუძლიათ ლაბორატორიის მეშვეობით სასურველი პროდუქტები და ნივთები დაამზადონ, რომელსაც შემდეგ ბაზარზე გაიტანენ გასაყიდად. ჩვენთვის ეს პროექტი განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან ასეთი სახის ლაბორატორია დედაქალაქში პირველად გაიხსნა, დეკემბერში კი ანალოგიური ლაბორატორია, ასევე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნება“,-განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.
Fab Lab-ის მთავარი ამოცანაა გამომგონებელთა, ინოვატორთა და დამწყებ მეწარმეთა ხელშეწყობა. ბიზნესინკუბატორი უახლესი ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი. თანამედროვე სტანდარტების დაზგა-დანადგარები მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს, იდეა რეალობად აქციოს და მისთვის სასურველი სატესტო პროდუქტი ან ნივთი დაამზადოს.
ბიზნესინკუბატორი Fab Lab-ი მომხმარებლებს უფასოდ მოემსახურება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები