ნიკა გვარამია ბოდიშს იხდის: უკან მიმაქვს ჩემი სიტყვები რეესტრის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით

ნიკა გვარამია საჯარო რეესტრის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებული განცხადების გამო ბოდიშს იხდის.
როგორც გვარამიამ განმარტა, დროის სიმცირის გამო ვერ მოხერხდა გადამოწმება, ზაალ უდუმაშვილისთვის “რუსთავი 2”-ის დროებითი მმართველის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე შესაბამისი გადაწყვეტილება საჯარო რეესტრში რეალურად იყო თუ არა გატარებული.
გვარამიას თქმით, ის თავის განცხადებაში დვალისა და საყევარიშვილის ინფორმაციას დაეყრდნო.
“მე მინდა განვმარტო ჩემი პოზიცია რეესტრთან დაკავშირებით, ბოდიში მოვიხადო და უკან წავიღო ჩემი სიტყვები იმდენად, რამდენადაც ჩვენ დროის სიმცირის გამო ვერ მოვახერხეთ გადამოწმება, რეგისტრირებული იყო თუ არა ეს ყველაფერი. ყოველ შემთხვევაში, საიტზე ეს არ ჩანს და იმედს ვიტოვებ, რომ არ ჩანს იმიტომ, რომ არ არის რეგისტრირებული. ჩვენ დავეყრდენით ჩვენს განცხადებაში დვალის და საყევარიშვილის განცხადებას, რომ ეს რეესტრში რეგისტრირებული დოკუმენტია. ჯერჯერობით ეს ასე ნამდვილად არ არის და იმედია, რომ არც მოხდება. საჯაროდ ზალიკომაც განაცხადა, რომ მისი თანხმობის გარეშე მოხდა და ამიტომ მოვუწოდებ რეესტრს, ამის რეგისტრაცია არ მოახდინოს. კიდევ ერთხელ უკან მიმაქვს ჩემი სიტყვები რეესტრის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით. ეს ნამდვილად ობიექტური მიზეზებით იყო გამოწვეული”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
სასამართლოს მიერ დანიშნულმა “რუსთავი 2”-ის დროებითმა მმართველებმა – რეზო საყევარიშვილმა და დავით დვალმა საკუთარი უფლებამოსილება არხის გენერალური დირექტორის პირველ მოადგილეს ზაალ უდუმაშვილს მიანიჭეს. შესაბამისი განცხადება დვალმა და საყევარიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთეს.
დვალის განმარტებით, უდუმაშვილისთვის “რუსთავი 2”-ის დროებითი მმართველის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე შესაბამისი გადაწყვეტილება საჯარო რეესტრში უკვე ასახულია.
ზაალ უდუმაშვილმა დვალისა და საყევარიშვილის შეთავაზებაზე უარი თქვა.
საჯარო რეესტრში კი განმარტავენ, რომ ზაალ უდუმაშვილისთვის მმართველის უფლების მინიჭების თაობაზე მათთან განცხადება არ შესულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები