„თი-ბი-სი კაპიტალმა“ ელექტროენერგეტიკის სექტორის შესახებ კვლევა გამოაქვეყნა

„თი-ბი-სი ბანკის“ შვილობილმა კომპანიამ, „თი-ბი-სი კაპიტალმა“ საქართველოს ელექტროენერგეტიკის სექტორის შესახებ სპეციალიზებული კვლევა გამოაქვეყნა.
კვლევის საშუალებით პოტენციურ ინვესტორებს საშუალება მიეცემათ, გაეცნონ ელექტროენერგეტიკის სფეროში ინვესტიციის შესაძლებლობებს, მიიღონ სრული და ამომწურავი ინფორმაცია სფეროში მიმდინარე პროცესების შესახებ.
კვლევაში დეტალურად არის განხილული ჰიდროენერგეტიკის დარგის ზრდისა და შემდგომი განვითარების შესაძლებლობები; ელექტროენერგიის მოხმარების ზრდის ტემპი, ასევე ელექტროენერგიის საბითუმო და სამომხმარებლო ტარიფების დინამიკა; ელექტროენერგეტიკის მზარდი საექსპორტო შესაძლებლობები საქართველოს მეზობელ და წამყვან სავაჭრო პარტნიორ თურქეთში; საქართველოს მისწრაფება გახდეს ელექტროენერგიის ტრანზიტის რეგიონალური კვანძი და გაზარდოს ელექტროენერგიის გადაცემის სიმძლავრე მეზობელ ქვეყნებში.
„ასეთი ტიპის ანგარიშის მიზანი იყო სექტორში არსებული საინვესტიციო პოტენციალის წარმოჩენა, უცხოელი ინვესტორების საქართველოს ენერგეტიკის სექტორით დაინტერესება, მათთვის ინფორმაციის მიწოდება და საინვესტიციო შესაძლებლობების აღმოჩენაში დახმარება. ჩვენ ამ გამოცემაში გავაერთიანეთ თიბისი ბანკის მიერ ენერგეტიკის სექტორთან ურთიერთთანამშრომლობის შედეგად დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება, რაც ვფიქრობ, საინტერესო წყაროა სფეროთი დაინტერესებული ინვესტორებისთვის. გრძელვადიანად, ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ ეს სექტორი განვითარდეს. ბოლო 5 წლის განმავლობაში მხოლოდ „თი-ბი-სი ბანკს“ 150 მლნ ლარის ოდენობის ინვესტიცია აქვს განხორციელებული ამ სფეროში და სამომავლოდაც, საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს ამ მიმართლებით“, – განაცხადა „თი-ბი-სი ბანკის“ კორპორატიული საბანკო ბიზნესის და „თი-ბი-სი კაპიტალის“ დირექტორი, დავით წიკლაური.
„თი-ბი-სი“ კაპიტალი, რომლის ინიციატივითაც აღნიშნული ანგარიში მომზადდა, კვლევითი საქმიანობის გარდა, საბროკერო და კორპორატიულ საკონსულტაციო მომსახურებას ეწევა. „თი-ბი-სი კაპიტალი“ პოტენციური ინვესტორებისთვის განკუთვნილი მსგავსი ტიპის კვლევების გამოქვეყნებას ეკონომიკის სხვა მიმართულებითაც გეგმავს.
კვლევა ინგლისურ ენაზეა გამოცემული და ხელმისაწვდომია ენერგეტიკის სექტორით დაინტერესებული ყველა მსურველისთვის, ვებგვერდზე: tbccapital.ge.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები