იტალიის სამხედრო კონტინგენტი ავღანეთში დარჩება

იტალიის სამხედრო კონტინგენტი საერთაშორისო მისიაში Resolute Support-ში მონაწილეობას გააგრძელებს. ამის შესახებ იტალიის თავდაცვის მინისტრმა რობერტა პინოტიმ ქვეყნის პარლამენტის საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის კომისიის სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ამჟამად ჰერატის მახლობლად 800-მდე იტალიელი სამხედრო იმყოფება, რომლებიც ავღანეთის ჯარის და პოლიციის მომზადებაში მონაწილეობენ. ბოლო დროს იტალიური ქვედანაყოფები 200 სამხედროთი გაიზარდა, ვინაიდან მათ ესპანელი სამხედროები ჩაანაცვლეს.
ავღანეთში არსებულ სიტუაციაზე საუბრისას პინოტიმ აღნიშნა, რომ ბოლო დროს ქვეყნის ტერიტორიაზე „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკების“ შეღწევის და სხვადასხვა რაიონში მათი აქტივობის გაზრდა დაფიქსირდა. „მიგვაჩნია, რომ ამ პირობებში მისიის შენარჩუნებაა მიზანშეწონილი“, – განაცხადა იტალიის თავდაცვის მინისტრმა.
დაახლოებით ერთი თვის წინ აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ავღანეთიდან შეერთებული შტატები თავის ძალებს 2016 წლის ბოლოს არ გაიყვანენ, არამედ 5,5 ათასი სამხედრო ამ ქვეყანაში დარჩება. ამის შემდეგ ავღანეთში შეიარაღებული ძალების დატოვების გადაწყვეტილება სხვა ქვეყნებმაც, მათ შორის იტალიამაც მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები