ბიძინა ივანიშვილი: ჩვენ, რა თქმა უნდა, ანგარიშს ვუწევთ აშშ – ის შეშფოთებას

„ვერაფერი ვერ შემეხება მე, რადგან განსხვავებით იმ ადამიანებისგან, ვისაც თქვენ იცავთ, კანონს არ ვარღვევ”, – ასე უპასუხა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას აშშ-ში გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელშიც ვაშინგტონი “რუსთავი 2”-ის გარშემო განვითარებული მოვლენების გამო შეშფოთებას გამოთქვამს და აცხადებს, რომ აღნიშნულს კონკრეტული პოლიტიკური შედეგები ექნება. “როგორ უნდა შემეხოს? საუბედუროდ, თქვენს სურვილებს სიზმრები შეიძლება დავარქვათ… როგორც არ უნდა ინატროთ, ვერაფერი ვერ შემეხება მე, რადგან განსხვავებით იმ ადამიანებისგან, ვისაც თქვენ იცავთ, კანონს არ ვარღვევ”, – მიმართა ივანიშვილმა კითხვის ავტორს.
რაც შეეხება უშუალოდ აშშ-ში გაკეთებულ განცხადებას, ყოფილი პრემიერის აზრით, ვაშინგტონის მხრიდან გამოთქმული შეშფოთება გადაჭარბებულია.
“ჩვენ, რა თქმა უნდა, ანგარიშს ვუწევთ ამერიკის შეერთებული შტატების შეშფოთებას. ის არის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი და ყველანაირად ვცდილობთ, დავარწმუნოთ ჩვენს გულწრფელობაში. მე ვფიქრობ, შეშფოთება არის გადაჭარბებული. საფუძველი ამის კი გახლავთ ისევ “ნაციონალური მოძრაობა”, რომელიც 9 წლის განმავლობაში ახერხებდა უამრავი მეგობრის შეძენას, თავისი ხელწერის – დიქტატურის ნაცვლად დემოკრატიად გაფორმებას და ა.შ. მე ამას გულწრფელად ვიღებ ყურადღებით. ვალდებულადაც კი ვთვლი თავს და დღევანდელ ხელისუფლებასაც, ვფიქრობ, იგივე ვალდებულება აქვს, რომ ჩვენ ყველა კითხვას ვუპასუხოთ. ვუპასუხებთ კიდეც და ვაჩვენებთ რეალობას, რომ არაფერიც არ ხდება. მარტივი თემაა, ხალხო – “მაესტრო” გაქვთ გვერდით, თანაც “მაესტროში” გაცილებით ჯანსაღი პროცესია – იქ დავობენ მესაკუთრეები, აქ კი დავობს ორი მესაკუთრე, რომელიც ორჯერ გაძარცვეს და გაუგებარი კაცი “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად”, – განაცხადა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა.
ივანიშვილის განცხადებით, ხელისუფლებას არ სჭირდება “რუსთავი 2”-ში დროებითი მმართველები.
მისივე თქმით, ხელისუფლებას არც ის სჭირდება, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” არჩევნებამდე “რუსთავი 2” ხელიდან გამოაცალოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები