თინათინ ხიდაშელი: ყველა საერთაშორისო ფორუმიდან კონკრეტულ შედეგებს ველოდებით

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი საერთაშორისო კონფერენციას – “გენდერული თანასწორობისკენ – გამოწვევები და შესაძლებლობები ევროპული სამეზობლო პოლიტიკის რეგიონში” ესწრება.
კონფერენცია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა. ღონისძიებაში ევროკავშირის ინსტიტუტების და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ოფიციალურ პირებთან ერთად ევროპული სამეზობლო პოლიტიკის რეგიონის ქვეყნებიდან 250-მდე წარმომადგენელი მონაწილეობს. მათ შორის გაეროს, ეუთოს, ევროპის საბჭოსა და ნატოს წარმომადგენლები.
კონფერენციის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა პირისპირ შეხვედრა გამართა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან მარინა კალიორანდთან.
„საგარეო საქმეთა მინისტრთან ჩემი შეხვედრის მთავარი თემა პირველი დეკემბრის მინისტერიალი იყო. ქალბატონი მარინა საქართველოს დიდი ხნის მეგობარია. ის პირადად ჩემი მეგობარიც არის და შეხვედრაც მეგობრულ გარემოში გაიმართა. ესტონეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან იმ ტაქტიკაზე და სტრატეგიაზე ვისაუბრეთ, რომლითაც ერთად უნდა მივიდეთ სამიტზე, მინისტერიალსა თუ სხვა ღონისძიებაზე, რომელიც შემდეგი წლის განმავლობაში ევროკავშირისა და ნატოს ფარგლებში გაიმართება. ჩვენი საუბარი, სწორედ, ამ თემებს შეეხო. ანალოგიური იყო ყველა შეხვედრა, რომელიც ამ კონფერენციის ფარგლებში ჩამოსულ სტუმრებთან გვქონდა ამ ორი დღის განმავლობაში. ჩვენ კონკრეტულ შედეგებს ველოდებით ყველა ღონისძიებიდან. ყველა საერთაშორისო ფორუმიდან“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი შეხვედრას გამართავს ევროკავშირის უმაღლეს კომისართან საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგელინთან. ასევე დაგეგმილია კონფერენციაზე თინათინ ხიდაშელის სიტყვით გამოსვლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები