უჩა ნანუაშვილი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს ნილს მუჟნიეკსის შეხვდა.
უჩა ნანუაშვილმა კომისარს თავისი პოზიცია გააცნო „ტელეკომპანია რუსთავი-2-ის“ ირგვლივ განვითარებული მოვლენების, ტელეკომპანიის საკითხზე მიმდინარე სასამართლო განხილვების, მართლმსაჯულების სისტემასა და მედიათავისუფლების თვალსაზრისით ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ.
სახალხო დამცველის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს გამყოფ ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებები, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვისა და განათლების უფლების დარღვევის საკითხები. აღინიშნა, რომ კონფლიქტურ ტერიტორიებზე არ ხდება ადამიანის უფლებების მონიტორინგი და მინიმალურია საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა, რაც დამატებით ართულებს ადამიანის უფლებების დაცვას.
სახალხო დამცველმა ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის იმპლემენტაციის პროცესზე, საკანონმდებლო ხარვეზებზე და ამ ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტზეც ისაუბრა. განიხილა პატიმართა უფლებრივი მდგომარეობა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ, სამწუხაროდ, ადამიანის უფლებათა თვალსაზრისით ქვეყანაში კვლავ მრავლად რჩება გამოწვევები, მათ შორის არის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წარდგენილი სახალხო დამცველის რეკომენდაციების უგულებელყოფა; პროკურატურისა და სამართალდამცავი სტრუქტურების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები და მათი გამოძიების ხარვეზები, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს დამოუკიდებელი, ეფექტური და ანგარიშვალდებული გამოძიების მექანიზმის შექმნის შესახებ სახალხო დამცველის კატეგორიული მოთხოვნის მართებულობას.
მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრისა და გენდერული თანასწორობის თვალსაზრისით მიმდინარე მუშაობას; შრომის ინსპექციის შექმნის და, ზოგადად, შრომითი უფლებების დაცვის თვალსაზრისით სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას.
უჩა ნანუაშვილმა ევროპელ სტუმარს სახალხო დამცველის აპარატში ბოლო ხანს განხორციელებული სიახლეების – „ცხელი ხაზის“ ამუშავებისა და ადამიანის უფლებათა აკადემიის ამოქმედების შესახებაც შეატყობინა.
სახალხო დამცველმა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს ბატონ ნილს მუჟნიეკსის თანადგომისა და თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები